სხვა

21:40 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნინო სალუქვაძე: "ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდების გამოსვლით კმაყოფილი ვარ, უფროსების - არა"

ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ევროპის სამგზის გამარჯვებულმა ნინო სალუქვაძემ ხორვატულ ოსიეკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა.

"ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდების გამოსვლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფროსების - არა. ყველაზე მეტად კმაყოფილი მაინც აკაკი მოსულიშვილის ასპარეზობით ვარ, რომელმაც შედეგიც გააუმჯობესა, ფინალშიც შევიდა, კარგადაც ისროლა, მაგრამ იქ მასზე ძლიერები აღმოჩნდნენ და მეექვსე ადგილზე დარჩა.
გოგოებიდან ლიზი კილაძემ მედალი მოიპოვა, რაც ძალიან კარგია. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი 8 საუკეთესო გუნდს შორის შევიდოდნენ და მედლებისთვის იბრძოლებდნენ, მაგრამ იქამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. გუნდში ერთი დებიუტანტი გვყავდა - მარიამ ქობულაშვილი, ნინო ხუციბერიძემ ცუდად ისროლა, თუმცა სამივემ ცუდად იასპარეზა საკვალიფიკაციოში. ლიზი კილაძეს გაუმართლა, რადგან ერთი გერმანელი გოგო დროში ვერ ჩაეტია და ბოლო გასროლა არ ჩაეთვალა, რის შემდეგაც კილაძე ბოლო ადგილით შევიდა ფინალში, იქ კი საშუალოდ ისროლა. ვერ ვერ ვიტყვი, რომ ფინალში კარგად გამოვიდა, მაგრამ სამეულში შევიდა და ესეც დიდი შედეგი იყო, თუმცა უფრო მაღალი მიზნისთვის საბრძოლველადაც მზად იყო. მისგან დაახლოებით 574-575 ქულას ველოდით, მაგრამ 564 დააგროვა. ევროპის ჩემპიონატის წინ ორკვირიანი შეკრება გავიარეთ ბაქოში, სადაც კარგად ვამუშავეთ - ყოველ დღე ვასროლინებდით და ვავარჯიშებდით ფინალებზე, რადგან ძირითად ვარჯიშში შედარებით კარგი ქულები ჰქონდათ.
მთლიანობაში, კარგი ახალგაზრდობა მოდის ვიმედოვნებთ, დიდებშიც კარგად გააგრძელებენ გამოსვლას. დაბალი შედეგები უფრო დიდი დაძაბულობის ბრალი მგონია. სხვებსაც ნაკლები ჰქონდათ, განა მარტო ჩვენ. წარმოიდგინეთ, ქალებში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი ფინალში ისე გაითიშა, რომ ერთი გასროლა საერთოდ დაავიწყდა, ვერ მოასწრო. აი, ასეთი დაძაბულობა იყო. თან ახალი ფარებია, რომელიც, ცხადია, ჩვენ არა გვაქვს, და ძალიან ძნელი შესაგუებელია. ბაქოში კი არის, მაგრამ მიახლოებულია უახლოეს ფარებთან. რაღაც ისეთი ნათება აქვს, თითქოს ჭუჭრუტანიდან სინათლე გამოდის. კარგად ვერ ხედავ და, მაგალითად, ცოტნე მაჭავარიანიც ამას ჩიოდა, მაგრამ რაღაც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რადგან ამიერიდან სულ ასეთი ფარები იქნება".

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.128358