ფეხბურთი

18:08 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანამ ურემი გადაბრუნებულა...

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სასიკეთოდ არ დაწყებულა. ორი თამაში, ორი წაგება გატანილი გოლის გარეშე და რაც მთავარია, დამაფიქრებელი თამაშის ხარისხი.

შვეიცარია და ირლანდია დღეს გაცილებით ძლიერი გუნდები არიან, ვიდრე საქართველოს ნაკრები და ამაზე არავინ დაობს. არც ისაა სადაო საკითხი, რომ ერთა ლიგაზე „ჯვაროსნების“ მეტოქეები (ანდორა, ლატვია, ყაზახეთი) ბოლო ორი მოწინააღმდეგის საზომად ვერ გამოდგება. მოკლედ, ის შედეგი, რომელიც მივიღეთ დიდად მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, თამაშის ხარისხი რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებდა. ერთი ფაქტიც საყურადღებოა - საქართველოს ნაკრებს შვეიცარიისა და ირლანდიის დონის მეტოქე 2017 წლის ოქტომბრის მერე აღარ ჰყოლია, როდესაც ბელგრადში სერბეთთან დამარცხდა. მას შემდეგ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი მხოლოდ ბოლო ეშელონის გუნდებთან სპარინგობდა ან ოფიციალურ თამაშს ატარებდა. თუმცა, ამაზეც ორი აზრი არაა, რომ წინა შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება იქაც დანატრებული ჰქონდა, გაცილებით კარგი ფეხბურთი აჩვენა. რომელი ერთი გავიხსენოთ? კარდიფში, უელსთან მატჩი თუ ვენაში, ავსტრიასთან? - არც ბელგრადში, სერბეთთან წაგებულ მატჩში ყოფილა თამაშის ხარისხი ისეთი მდარე, როგორც შვეიცარიასთან და ირლანდიასთან. ამას ჰქონდა თავისი მიზეზები და ვეცდებით, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

ობიექტური მიზეზები

NO CHAKVETADZE, NO PARTY...

საქართველოს ნაკრებისთვის ტრავმიანობა მუდმივი პრობლემაა. პრაქტიკულად ყველა თამაშში ვლადიმირ ვაისსა და მის სამწვრთნელო შტაბს გუნდის აწყობა ახალი ფეხბურთელის გარშემო უწევს. ერთა ლიგაზე ასეთი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე იყო. ჩაკვეტაძის გარეშე კი, ეროვნულ გუნდს ხეირიანი შეტევის წამოწყებაც გაუჭირდა. ასეთ ფონზე ბუნებრივია სირთულე ორმაგდება და საქართველოს ნაკრებს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ლიდერი ერთი თამაშიდან მეორემდე უმტკივნეულოდ ჩაანაცვლოს. თანაც, ფეხბურთელები, რომლებსაც წესით ლიდერის როლი უნდა იტვირთონ, ცუდი პერიოდი უდგათ.

ვინ შეიძლება მოვისაზროთ საქართველოს ნაკრების დამრტყმელ ძალად ჩაკვეტაძესთან ერთად?

თორნიკე ოქრიაშვილი - ის უკვე მეოთხე თვეა უგუნდოდა და იმთავითვე ცხადია, რომ ფორმაში არ იქნებოდა. ჯანო ანანიძე - მან თამაში დაიწყო კლუბში, მაგრამ შვეიცარიასთან თამაშიდან გამოთიშული იყო. მერე ტრავმაც მიიღო და დუბლინში საერთოდ არ გაჰყოლია გუნდს.

ვაკო ყაზაიშვილი - ლიდერობა მასაც შეუძლია, მაგრამ ბოლო დროს მისი რეგრესი ცალსახა და უტყუარია. ამერიკულ „სან ხოსეში“ გარჯა 26 წლის ყაზაიშვილისთვის საფეხბურთო თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ უკუსვლას იწვევს და ეს ცხადია.

ტრავმები - ლევან მჭედლიძის გარეშე თამაშს საქართველოს ნაკრები უკვე შეეჩვია, ამიტომ დიდ დანაკლისად შესაძლოა ეს ვერ მივიჩნიოთ, მაგრამ ფაქტია, მასზე კვალიფიციური ცენტრფორვარდი ეროვნულ ნაკრებს დღეს არ ჰყავს. ან თუ ჰყავს, ეს განვლილ ორ მატჩში ეს არ ყოფილა მთავარი პრობლემა. პრობლემა ცენტრფორვარდამდე ბურთის მიტანა იყო. გიორგი ქვილითაიამ ბევრი იბრძოლა, მაგრამ ქვილითაია იმ ტიპის ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც ბურთი საჯარიმოში სჭირდებათ და არა მოედნის ცენტრის სიახლოვეს. და, გიორგი ორივე თამაშში საჯარიმოში პრაქტიკულად უბურთოდ იყო. ეს კი გუნდის სათამაშო სქემის მოშლის ბრალია!

გიორგი ჩაკვეტაძის არყოფნაზე უკვე მოგახსენეთ. მან ერთა ლიგაზე უდიდესი როლი ითამაშა გუნდის ნაჩვენებ შედეგსა თუ თამაშში. თუმცა, მაინც შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მარტომ გადაწყვიტა ყველაფერი. უბრალოდ, თანამედროვე ფეხბურთში შეუძლებელია რამდენიმე თამაში ერთმა მოთამაშემ მოიგოს. არც ისაა სადაო, რომ გუნდს დადებითი შედეგისთვის ლიდერი, წინამძღოლი სჭრდება, რომელიც სხვებს გაუძღვება. აი, ზუსტად ასეთი ფეხბურთელი არ აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების რიგებში უახლოეს ორ შეხვედრაში.

ობიექტურ მიზეზებს შეგვიძლია მივაწეროთ ფეხბურთელთა ძალიან ცუდ ფორმაში ყოფნა. ვლადიმირ ვაისი შეგვიძლია ძალიან ბევრ რამეში დავადანაშაულოთ, მაგრამ ის, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა თავიანთი (არცთუ მაღალი დონის გუნდებში) ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან და შესაბამისად ფორმიდან ამოვარდნილები არიან, ვაისის ბრალი ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა, სლოვაკს შეუძლია ასეთ ფეხბურთელებზე უარი თქვას, მაგრამ ძნელია, როდესაც 4 თვის წინ მას ეყრდნობოდი, ფორმაშიც იყო და მერე უმტკივნელოდ უარი თქვა ამა თუ იმ ფეხბურთელის გამოყენებაზე და ჩაანაცვლო. მითუფრო ისეთი მწირი არჩევანის ფონზე, როგორიც ვაისს აქვს.

თუმცა, სლოვაკს შეეძლო სხვა გადაწყვეტილებაც მიეღო. ალბათ მოვიდა დრო, საქართველოს ნაკრებში გიორგი ხარაიშვილისთვისაც გაიღოს კარი. შვედური „გიოტებორგი“ ვარსკვლავებს (ადრინდელივით) ნამდვილად არ ეთამაშება, მაგრამ გიორგი ამ გუნდის ლიდერია და რაც მთავარია, მისი სტილის ინდივიდუალისტები გუნდს ძალიან აკლდა. განსაკუთრებით თავი მაშინ იჩინა, როდესაც ჩაკვეტაძის, ოქრიაშვილის გარეშე დარჩა გუნდი და ყაზაიშვილი-ანანიძეც იდეალური ფორმისგან შორს აღმოჩნდნენ.

ლუკა ზარანდია და გიორგი არაბიძე - ორი ფეხბურთელი, რომელთაც ფეხბურთელის მოტყუება შეუძლიათ. რაც უნდა ტაქტიკურმა სქემებმა და გათვლებმაც გადაწონოს მთელი საფეხბურთო სამყარო, მთლიანობაში განსხვავებას ინდივიდები ქმნიან. ზარანდია და არაბიძე კი, სწორედ ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კრიტიკულ მომენტში თამაშის საკუთარ თავზე აღება ძალუძთ. ზარანდია კლუბშიც მუდმივად თამაშობს და ნამდვილად უცნაური იყო მისი შემადგენლობის მიღმა დარჩენა. არაბიძის შემთხვევაში ცოტა უფრო რთულადაა საკითხი - მას ვაისთან პრობლემები ჰქონდა, მაგრამ არაა ის დრო, როცა ასეთ ფეხბურთელზე უარი ერთი ხელის მოსმით ვთქვათ. აქ ერთადერთი პრობლემა გიორგის სიტუაციაა კლუბში. კლუბში, სადაც ბოლო დროს არათუ არ თამაშობს, არამედ განაცხადშიც ვერ ხვდება. არადა, განვლილმა მატჩებმა, რასაც ჩაკვეტაძის არყოფნაც დაემატა, გამოაჩინა, რომ ეროვნულ ნაკრებს ფლანგზე კრეატიული ფეხბურთელი არ ჰყოლია. ფეხბურთელი, რომელიც ხიფათს იქიდან შექმნიდა. არადა, თანამედროვე ფეხბურთში მხოლოდ ცენტრიდან შეტევა პრაქტიკულად წყლის ნაყვას უდრის. ერთადერთი კაკაბაძე (რომელიც ასევე არ იყო სასურველ ფორმაში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ) ცდილობდა, ფლანგიდან საჯარიმოში ბურთი ჩაეწოდებინა, რაც რაღა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია.

ვაისისგან ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს ნაკრები ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არაა. მაგალითად, მისი ფეხბურთელები ყაზახეთსა და პოლონეთში თამაშობენ, ხოლო შედარებისთვის შვეიცარიის პრემიერლიგაში, ბუნდესლიგასა და სერია A-ში. ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა და სლოვაკი არ ტყუის, განსხვავება მართლაც დიდია, მაგრამ მაინც ცუდად ჟღერს, როდესაც ეროვნული ნაკრების თავკაცი ამაზე საჯაროდ საუბრობს და თანაც გაუთავებლად. უბრალოდ, უცნაურია ხელს ყოველთვის სხვისკენ იშვერდე, თუნდაც ეს სხვა ყოველთვის დამნაშავე იყოს.

ისე კი, ობიექტურ მიზეზებში შეგვიძლია ეს გავიყვანოთ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელა აბსოლუტური უმრავლესობა დაბალი დონის ლიგასა და გუნდში ირჯება. უფრო მეტიც, ზოგიერთისთვის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრაც ძნელია. თუმცა, ამაზე მედიას შეუძლია დაწეროს და ისაუბრობს, გულშემატკივარს შეუძლია ამაზე ყურადღება გაამახვილოს, მაგრამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მუდმივად ამით არ უნდა აპელირებდეს...

სუბიექტური მიზეზები და ვაისის შეცდომები

ვალდიმირ ვაისმა ორივე თამაშში დაუშვა უხეში შეცდომები, რაზეც ბუნებრივია თვალის დახუჭვა და კედლის მეორე მხრიდან ყურება დაუშვებელია. დავიწყოთ იქედან, რომ საქართველოს ნაკრებს არცერთ თამაშში მოსაგებად არ უთამაშია. რატომ?

ვაისმა პირველ შვეიცარიასთან მეტად ფრთხილი ტაქტიკა აირჩია და გასაგებიცაა, შვეიცარიასთან თამაშის გახსნა მართლაც თვითმკვლელობა იქნებოდა. თუმცა, გამოჩნდა, რომ როდესაც რისკზე წასვლის დრო დადგა, სლოვაკმა ეს ნაბიჯი არ ან ვეღარ გადადგა. ჯიმი ტაბიძე ძალიან კარგი მცველია და მეტიც, შვეიცარიასთან ალბათ ერთადერთი იყო, ვიზეც აუგს ვერ ვიტყვით. თუმცა, მისი დაყენებით იმთავითვე გაცხადდა, რომ საქართველოს ნაკრები მარცხენა ფლანგიდან ვერ შეუტევდა. ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება იმ ფაქტს, ფლანგის მცველებს შეტევაში რაოდენ დიდი როლი აკისრიათ ფეხბურთში. ტაბიძე კარგი მცველია, მაგრამ ცუდი შემტევი. ამას დაემატა ისიც, რომ იმავე მატჩში ვაისმა მარცხენა შემტევად ჯანო ანანიძე გაამწესა. ჯანო კი ფლანგის ფეხბურთელი ცასლახად არაა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი ამან საერთოდ ნულს გაუტოლა. ჯანოს უყვარს ცენტრიდან, სიღრმიდან თამაში, მან უნდა დაალაგოს თამაში და გაანაწილოს ბურთი. მაგრამ ჯანო ნამდვილად არაა ის ფეხბურთელი, რომელიც ფლანგზე გაიქცევა და დრიბლინგით მეტოქის საჯარიმომდე მიაღწევს. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. იგივე ითქმის ვაკო ყაზაიშვილზეც. მას ფორვარდს უკან უნდა მოვიაზრებდეთ და არა მარჯვენა ფლანგის ვინგერად. ამის ფონზე, არაბიძისა და ზარანდიას მსგავსი ფლანგელები გუნდს ძალიან დააკლდა. მითუმეტეს ვერ გვეხმარებოდნენ გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი პაპუნაშვილი და გიორგი მერებაშვილი, რომლებსაც ფლანგზე ანანიძე-ყაზაიშვილზე ბევრად უკეთ შეუძლიათ გარჯა.

ვაისის ერთი შეცდომა აქ ნათელი გახდა - პოზიციების შეცვლით მან ფეხბურთელების სარგებლიანობის უნარი პრაქტიკულად გააქრო და ეს წინასწარვე უნდა გაეთვალა. მითუმეტეს შვეიცარიასთან, რომელსაც ტოპ კლასის მცველები ჰყავს გინდათ ერთ ფლანგზე, გინდათ მეორეზე. ვაისი შეცდა თამაშის სცენარის წაკითხვაშიც. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ცდილობდა მაღალ პრესინგზე ეთამაშა, მეტოქეს მისსავე ნახევარზე დახვედროდა და ამა შედეგი გამოიღო, თუმცა, მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს არაქათი უკვე გამოცლილი ჰქონდა და მეტოქის ნახევარზე გააზრებულად გადასვლა ვერც კი მოახერხა. გაუგებარი იყო სლოვაკის ცვლილებებიც. ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და როცა შეიძლებოდა მის ნაცვლად ლევან ხარაბიძის თამამად ჩართვა თამაშში, რომელსაც შეუძლია შეტევაში კარგად ჩართვა, ფლანგიდან სიტუაციის გამწვავება და ეს საჭიროც იყო, რადგან საქართველო იმ დროისთვის მარცხდებოდა და დასაკარგიც აღარაფერი ჰქონდა. თუმცა ვაისმა მოედანზე სოლომონ კვირკველია შეუშვა (რომლის ძირითადში არყოფნა საერთოდ, ცალკე შეცდომა იყო) და მარცხენა ფლანგზე გურამ კაშიას მოუწია გარჯა. კაშია მარცხენა მცველი ნამდვილად არაა. შედეგად, ფლანგიდან ხიფათის შექნის შესაძლებლობაც ხომ თავისი ხელით მოსპო და ამასთან დაცვის ხაზიც აირია. კაშია-კვირკველია-ხოჭოლავა შესაძლოა ცალ-ცალკე ძალიან კარგი მცველები არიან, მაგრამ არეულ სათამაშო სქემაში ისინი ჩაიკარგნენ და შვეიცარია ძალიან ადვილად ახერხებდა დაცვის ხაზის დანგრევას. ამის ნათელი მაგალითი მეორე გოლი იყო გიორგი ლორიას კარში.

ვაისმა საკუთარ შეცდომებზე ვერც ირლანდიასთან ისწავლა - დუბლინში ნაკრების შემადგენლობაში სამი ცვლილება ვიხილეთ, აქედან ორი იძულებით, რადგან ანანიძე და ტაბიძე ტრავმების გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ. სლოვაკმა „ავივაზეც“, რომ თავიდან ფრეზე თამაში ჩაიფიქრა, ესეც ნათელია, რადგან პრობლემატურ მარცხენა ფლანგზე ისევ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ამჯერად, მარცხენა მცველად დავით ხოჭოლავა მოგვევლინა. არადა, დუბლინი ის ადგილი იყო, სადაც ექსპერიმენტების დრო ყველაზე ნაკლებად უნდა ყოფილიყო. ხოჭოლავა ბუნებრივია შეტევაში ვერ ერთვებოდა და ვერც მის წინ მდგომი ოთარ კიტეიშვილიც. „შტურმის“ შემტევს დუბლინში სხვების ფონზე სულაც არ უთამაშია ცუდად, მაგრამ ოთარიც ანანიძის არ იყოს უფრო სიღრმის მოთამაშეა და არა ფლანგის.

ვაისის გათვლა აქაც ნათელი იყო - პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს როგორმე საკუთარი კარი მშრალად უნდა შეენახა და მეორე ნახევარში დაეწყო ბურთის კონტროლი, შეტევაზე ფიქრი. ერთი გამოვიდა, მეორე არა. „ჯვაროსნებს“ ძალიან უჭირდათ კელტური პრესინგისგან თავის დაღწევა, მაგრამ რომ არა ერთი ეპიზოდი, შეიძლებოდა მართლაც 45 წუთში კარის მშრალად შენახვა. აი, მეორე ტაიმში საქართველომ ბურთი გააკონტროლა, მეტოქეს თითქმის ყველა სტატისტიკურ მონაცემში გაუტოლდა, მაგრამ სახიფათო მომენტი ვერ შექმნა. ის, რაც ჯაბა კანკავამ მატჩის მიწურულს გააკეთა, ეს არ იყო გუნდური კომბინაციის შედეგი, არამედ ერთი ფეხბურთელი მონდომებისა და კლასის გამოძახილი. აი, პირველი სახიფათო მომენტი კი, რომელიც პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შეიქმნა, მართლაც იყო გუნდური იერიში. ნიკა კვეკვესკირმა პრაქტიკულად ერთადერთხელ მოახერხა იმის გაკეთება, რის გამოც ის ნაკრების თამაშის მთავარ ღერძად ითვლება. საჯარიმოში სიღრმიდან კარგად ჩააგდო ბურთი, კიტეიშვილმაც ივარგა და ვაკო გვილია ჩინებულ პოზიციაში დარჩა. თუმცა, ვერ გაიტანა. ხდება ხოლმე, მაგრამ ფაქტია, საქართველოს ნაკრებმა ბოძებული შანსი ქარს გაატანა. სხვათა შორის, არც გვილიას უთამაშია მისთვის ჩვეულ პოზიციაზე. მას ძალიან ბევრი კრიტიკა შეხვდა, მაგრამ თუ დავუკვირდებით, ვაკომ დუბლინში პრაქტიკულად მთელი მეორე ტაიმი მარჯვენა ფლანგზე გაატარა და ეს მისი საყვარელი, ჩვეული სათამაშო ადგილი არაა. გვილია უფრო მეტად სასარგებლოა, როდესაც დაცვასა და შეტევას ერთმანეთს უკავშირებს და ნამდვილად არაა მისი მოვალეობა ფლანგიდან გაუთავებელი ჩაწოდებების მცდელობა. ან თუნდაც, ფორვარდის უკან გარჯა. მოკლედ, ვაისმა აქაც ვერ გათვალა. უკვე რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოვთვალეთ, რომელთაც სლოვაკმა სათამაშო ფუნქცია შეუცვალა და რა გასაკვირია, რომ ამან შედეგი არ მოიტანა.

ცალკე საკითხია სტანდარტული მდგომარეობები. ნათელია, როდესაც თამაში არ მიგდის სტანდარტი შანსია და ეს არაერთხელ დამტკიცებულა, არაერთი გუნდი გადაურჩენია. საქართველოს ნაკრებში კი ეს პრობლემა ვერა და ვერ მოგვარდა უკვე წლებია. გვესმის, რომ ირლანდიის კოზირი სწორედ მეორე სართულზე თამაშია, მაგრამ მაინც - საქართველომ დუბლინში 4 კუთხური ჩააწოდა, რამდენჯერმე სახიფათო ჯარიმაც შეასრულა, მაგრამ გოლსა და სახიფათო მომენტს თავი რომ დავანებოთ, მეტოქის საჯარიმოში ასეთ დროს ბურთისთვის ბრძოლა ქართველ ფეხბურთელებს საერთოდ არ მოუგიათ. მოდით ვთქვათ, რომ გვილიამ, რომელიც ასრულებდა ამ სტანდარტებს თავი ვერ გაართვა, მაგრამ როდესაც არ მიგდის, მწვრთნელიც იმისთვისაა, რომ სხვას დაავალოს ამის გაკეთება. ესეც ვერ დავინახეთ. არადა, კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ამას დაუვმატოთ ვატო არველაძე და გიორგი ქვილითაია) მეორე სართულზე სახიფათონი არიან, თავიანთ გუნდებშიც არაერთხელ გამოუჩენიათ თავი. მაგრამ, საქართველოს ნაკრებში ამ ფეხბურთელებისგან გოლის გატანას დანატრებულნი ვართ. რატომ? - პასუხი მარტივია, სტანდარტულ სიტუაციებში საქართველოს ნაკრებმა თამაში არ იცის! და, არამხოლოდ, ირლანდიაში, ზოგადად, უკვე მრავალი წელია ასეა.

B გეგმის არარსებობა

განვლილმა ორმა მატჩმა გამოაჩინა, რომ საქართველოს ნაკრებს სათადარიგო, ე.წ B გეგმა არ აღმოაჩნდა. გუნდი ვერ გადაეწყო, როდესაც ეს აუცილებელი იყო და გუნდმა ვერცერთ მონაკვეთში ვერ მოახერხა საკუთარი თამაშის პოვნა. ვაისის აქილევსის ქუსლად რჩება ცვლილებები. თავი რომ დავანებოთ არასწორ ცვლილებას, უფრო დამაფიქრებელია უდროო შეცვლა. რომ არა, ხოჭოლავას ტრავმა ვაისი დუბლინში პირველ შეცვლას თამაშის დასრულებამდე 17 წუთით ადრე გააკეთებდა. არადა, ხომ ნათელია, რომ ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა ფიზიკური მომზადებაა. ეს რომ პრობლემაა ვაისის ბრალი ნამდვილად არაა, ფეხბურთელები თავიანთ გუნდებში უნდა იყვნენ ამ მხრივ მომზადებულები, მაგრამ ვაისს იმის საშუალება აქვს, რომ ოდნავ, მაგრამ მაინც დააბალანსოს. მაგალითად, სამი დროული ცვლილებით. ამის საპირისპიროდ, კი ქანცგამოცლილი ფეხბურთელი ლამის მე-80 წუთამდეა მოედანზე და ზოგჯერ გადაადგილებაც უძნელდება...

სანამ ურემი გადაბრუნდება

ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო და ძალიან არ გვინდა ასე იყოს. ერთა ლიგის ნახევარფინალამდე ზუსტად ერთი წელია დარჩენილი. მანამდე მიმდინარე შესარჩევი ციკლია ჩასამათვარებელი და გვინდა ოპტიმისტები ვიყოთ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ - ამ ჯგუფიდან გასვლა უკვე ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზებით.

აი, ბელარუსთან მატჩამდე კი, ვლადიმირ ვაისმა და მისმა ასისტენტებმა საკუთარი შეცდომები კარგად უნდა გაანალიზონ და რაც მთავარია, ისწავლონ. მანამ, სანამ ურემი გადაბრუნებულა. საერთოდ არ გვგონია, რომ საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ისეთი ადვილი გასეირნება ელოდება, როგორც ქვეჯგუფში, რადგან ბელარუსი გაცილებით კარგი გუნდია, ვიდრე ლატვია ან ანდორა. რომ აღარაფერი ვთქვათ კოსოვოზე და მაკედონიაზე. აქ ერთი გარემოება მნიშვნელოვანი იქნება - ფეხბურთელები ფორმაში უნდა იყვნენ და ტრავმების გარეშე შეხვდნენ უმნიშვნელოვანეს თამაშს. არ გვინდა, ძალიან პესიმისტურად ვიყოთ განწყობილნი, მაგრამ ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპი ახლა რომ ყოფილიყო, საქართველოს ნაკრების შანსი ძალიან დაბალი იქნებოდა. კარგია, რომ ახლა არ იყო და შეგვიძლია ეს გაკვეთილი საჩვენოდ გამოვიყენოთ.

მთავარია, გზა მანამ გამოჩნდეს, სანამ ურემი გადაბრუნდება...

0.125742