ჭადრაკი

14:40 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია და ჩეპარინოვი საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ქართველი მოჭადრაკეები ლევან ფანცულაია (2611) და ივან ჩეპარინოვი (2683) საპრიზო სამეულში მოხვედრის შანსს ინარჩუნებენ.

გასულ მე-9 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით რუს იგორ ლისის (2635) დაუზავდა, ჩეპარინოვმა კი შავებითვე რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ დავიდ პარავიანს (2627) სძლია.
შედეგად, ლევანს და ივანს 6.5-6.5 ქულა მოუგროვდათ და დამატებითი მაჩვენებლებით, შესაბამისად, მე-10 და მე-16 ადგილები უკავიათ.
ქართველი მოჭადრაკეები ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ლიდერთა ჯგუფს, რომელიც 7 მონაწილისგან შედგება. ესენი კასპერ პიორუნი (პოლონეთი, 2631), მაქსიმ როდშტეინი (ისრაელი, 2673), ვლადისლავ არტემიევი (რუსეთი, 2736), ნილს გრანდელიუსი (შვედეთი, 2694), რუსი ანდრეი ესიპენკო (რუსეთი, 2603), დავიდ ანტონ გუიხარო (ესპანეთი, 2643) და გრიგორი ოპარინი (2613) არიან.
ევროპის ჩემპიონატის ბოლოსწინა მე-10 ტური დღეს, 28 მარტს შედგება. ჩეპარინოვი თეთრი ფიგურებით ხსენებულ პიორუნს ეთამაშება, ფანცულაია კი თეთრებითვე უნგრელ ბენჯამინ გლედურას (2630) დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბაადურ ჯობავა (), დანარჩენ ქართველთა სატურნირო მდგომარეობა კი ასეთია:
61. დავიდ არუთინიანი (2555) – 5.5; 151. ნოე თუთისანი (2467) – 5.0; 166. ნიკოლოზ კაჭარავა (2424) – 4.5; 175. გიგა ყუფარაძე (2501) – 4.5; 192. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465) – 4.5; 232. ლუკა პაიჭაძე (2576) – 4.0; 272. ლუკა ობოლაძე (2340) – 3.5;
შეგახსენებთ, რომ ევროპირველობაზე 42 ქვეყნის წარმომადგენელი 361 მოჭადრაკე ერთმანეთს შვეიცარული სისტემით 11 ტურად ეჯიბრება. ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები კი მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან.

0.123216