მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრის დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ქართველი მძიმეწონოსანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დებულების დარღვევის გამო ორთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
"ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა ყაზახეთში შარშან გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოისტებს, რომლებიც არიან საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყება” – დაწერა დღეს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ფეისბუქ-გვერდმა.
გურამ თუშიშვილს საერთაშორისო ფედერაციის მკაცრი სანქციის გამო, თბილისური ტურნირის გარდა კიდევ სამ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლა ეკრძალება. მის გარეშე ჩატარდება ანთალიისა და ჰოჰოტის (ჩინეთი) გრან პრი და ბაქოს გრან სლემი. მსოფლიოს უძლიერესი მძიმეწონოსანი საერთაშორისო ტატამს ივნისში დაუბრუნდება, მინსკში გასამართ მეორე ევროპულ თამაშებზე.