კალათბურთი

23:20 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა
პლეი ოფი 3 აპრილს დაიწყება

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც პლეი ოფში სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. უფრო ზუსტად, 3 გუნდი აქამდეც ცნობილი იყო, ხოლო დღეს “არენა-ორბიმ” “აფხაზეთის” დამარცხებით ნახევარფინალის მე-4 საგზური მოიპოვა და შეუერთდა პლეი ოფში მანამდე გასულ კსუ-ს (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), “მეგა ბასკეტს” და “ვერას”.

ბოლო ტურმა საბოლოოდ გაანაწილა ცხრილში ადგილები და შესაბამისად გაირკვა ის წყვილები, რომლებიც ნახევარფინალში ითამაშებენ. დღევანდელი ტურის მთავარი ინტრიგა გახლდათ პირველ და მეორე ადგილებზე მყოფი გუნდების – კსუ-ს და “მეგა ბასკეტის” დაპირისპირება. მეგაბასკეტელებს 23 ქულით გამარჯვება უნდოდათ, პირველ ადგილზე რომ გასულიყვნენ და ნახევარფინალში მეოთხეადგილოსანი, შედარებით ხელსაყრელი მეტოქე – “არენა-ორბი” რგებოდათ. ვულე მანდიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა ლიდერი “კავკასიის” დამარცხება, თუმცა მხოლოდ 4 ქულით – 76:72.

ამ შედეგის შემდეგ “მეგა ბასკეტმა” და “კავკასიამ” თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა მათ მალევე შეუერთდა “ვერა”, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში “აფხაზეთი” დაამარცხა. საბოლოოდ 3 გუნდს – “ვერას”, “მეგა ბასკეტს” და “კავკასიას” 8 მოგება და 2 წაგება დაუგროვდათ და ადგილებიც ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრების შესაბამისად განაწილდა.

პირველ ადგილზე გავიდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი, რომელმაც პირველ წრეში “მეგა ბასკეტი” 21 ქულის სხვაობით დაამარცხა და რაკი სამივე გუნდს ურთიერთშეხვედრებში თანაბარი მოგებები დაუგროვდა, უპირატესობა ბურთების შეფარდებას მიენიჭა. სწორედ აქ გამოადგათ კავკასიელებს პირველ წრეში “მეგა ბასკეტის” დიდი სხვაობით ძლევა და საბოლოოდ თანაბარქულიანი გუნდების ერთმანეთს შორის ნათამაშებ მატჩებში ასეთი ცხრილი მივიღეთ:

მოგება წაგება ბურთების შეფარდება ქულა
კავკასია 2 2 +16 6
ვერა 2 2 +2 6
მეგა ბასკეტი 2 2 -18 6

ასე და ამგვარად, პირველ ადგილზე გასული “კავკასია” ნახევარფინალში მეოთხეადგილოსან “არენა-ორბს” შეუწყვილდა, ხოლო “ვერა” – “მეგა ბასკეტს”. პლეი ოფი 3 აპრილს დაიწყება. ნახევარფინალური სერიები 2 მოგებამდეა, ხოლო ფინალი 3 მოგებამდე გაგრძელდება. ფინალის მომგები გუნდი სუპერლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო წაგებული საკვალიფიკაციო სერიაში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-9 ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება. ამ სერიის გამარჯვებული 2019-2020 წლების სუპერლიგაში ითამაშებს.

“ა” ლიგის მატჩების სტატისტიკა

www.gbf.ge

თეგები“ა” ლიგა
0.121266