ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალური სერიის სტარტი წარუმატებელი გამოდგა გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტისთვის”. პოდგორიცელები ხორვატულ “ცედევიტას” ესტუმრნენ და 83:90 წააგეს.
ადრეც ხშირად ყოფილა და ლიგის მოქმედი ჩემპიონის კალათბურთელები ძირითადად ინდივიდუალურ ქმედებებზე იყვნენ გადართულნი, შესაბამისად, ბურთი ბითაძემდე ნაკლებად მიდიოდა, ზაგრებელებს კი გუნდური თამაშის მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ.
ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 22:06 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მოედანი 5 პერსონალური ფოლის მიღების მერე დატოვა, მანამდე კი, მეტოქეებს 6 ჯარიმა აჰკიდა.
“ბუდუჩნოსტის” რიგებში 23 ქულით საუკეთესო ამერიკელი ეარლ კლარკი იყო, “ცედევიტას” კი ასევე ამერიკელებმა – ჯასტინ კობსმა (23 ქულა) და საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნატურალიზებულმა უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა (20) ულიდერეს.
ნახევარფინალური სერიის მე-2 მატჩი 31 მარტს პოდგორიცაში შედგება და ბითაძე და მისი თანაგუნდელები წონასწორობის აღდგენას ეცდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ტურნირს ნაადრევად გამოეთიშებიან.