კალათბურთი

10:55 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„გოლდენ სტეიტმა“ ზაზას საჩემპიონო ბეჭედი გადასცა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტი“ გასვლაზე „გოლდენ სტეიტთან“ 121:114 დამარცხდა. მატჩის დაწყებამდე სპეციალურად ფაჩულიას პატივსაცემად „ორექალ არენაზე“ სპეციალური ცერემონია გაიმართა, სადაც „მეომრების“ მსროლელმა და ზაზას ახლო მეგობარმა კლეი ტომპსონმა ქართველ ცენტრს 2017/18 წლების სეზონის საჩემპიონო ბეჭედი გადასცა.

ზაზამ პარკეტზე 13 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ 2-დან ერთი ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც „მეომრებმა“ 34:21 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა. „დეტროიტში“ 24 ქულით გრიფინი გამოირჩა.

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ „დეტროიტი“ ერთი საფეხურით დაქვეითდა და აღმოსავლეთ კონფერენციში მეშვიდე პოზიციაზეა.

მომდევნო შეხვედრაში მიჩიგანელები გასვლაზე „დენვერ ნაგეტსს“ დაუპირისპირდებიან, მატჩი 27 მარტს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

0.138152