ფეხბურთი

2:05 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიის რევანში და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მძიმე სტარტი

ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები გრძელდება. ამჯერად, მეორე ტურმა აიღო სტარტი და დღის ცენტრალური შეხვედრა C ჯგუფის ფავორიტებს შორის შედგა: ჰოლანდია - გერმანია.

მატჩი ისეთი გამოვიდა, როგორსაც ფეხბურთის მოყვარულები ისურვებდნენ (ჰოლანდიის ნაკლებად) - დაძაბული, დრამატული და ლამაზი ფეხბურთი. პირველი ტაიმი გერმანელთა გამოდგა, რომლებმაც მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი თამაში ჩაატარეს. იოაჰიმ ლიოვმა ახალი გუნდის მშენებლობა დაიწყო და როგორც ჩანს, საქმეს ნაყოფიერადაც აკეთებს. ალემანებმა ანტრაქტამდე სერიოზული უპირატესობა მოიპოვეს მას შემდეგ, რაც ლეროი სანემ და სერჟ გნაბრიმ ორჯერ დაამწუხრეს იასპერ სილესენი. თუმცა, მეორე ნახევარშ ჰოლანდიას არაფერი დაუთმია. რონალდ კუმანის ბიჭები თამაშში მალევე დაბრუნდნენ, მატის დე ლიხტმა თავით შეძლო ზუსტად დარტყა. 63-ე წუთზე კი, მემფის დეპაიმ ითამაშა დიდებულად და ანგარიშიც გათანაბრდა. თითქოს ჰოლანდიას გამარჯვებაზე უნდა გაეწია, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ბოლო წუთზე, გუნდოგანი-როისის ჩინებული კომბინაციის შემდეგ ნიკო შულცი დარჩა კარგ პოზიციაში და გატანა მოახერხა. შედეგად, გერმანიის ნაკრებმა ერთა ლიგაზე ჰოლანდიასთან წარუმატებლობისთვის რევანშიც აიღო და ევრო 2020-ისკენ სვლაც ჩინებულ სტილში დაიწყო.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში კი, საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ერთა ლიგაზე, ბელარუსი თამაშობდა, რომელიც ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრა და ჯეროვანი წინაამდეგობაც გაუწია, თუმცა ბოლოსკენ გატყდა და 1:2 დამარცხდა.

E ჯგუფში პატარა სენსაცია მოხდა - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დამარცხდა. თუმცა, ბუდაპეშტში ხორვატიის დამარცხებას განსალუთრებული მოულოდნელობების სიაში ვერ გავატარებთ. ზლატკო დალიჩის გუნდი სასურველი ფორმისგან რომ შორსაა, სამი დღის წინაც გამოჩნდა, როდესაც შინ აზერბაიჯანს გაჭირვებით მოუგო. ამჯერად კი, ბალკანელებმა გაცილებით მაღალი დონის მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს. არადა, ხორვატიისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო, ანტე რებიჩმა სწრაფად გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე უნგრელებმა ივარგეს. ადამ შალაის გოლს პატკაიმაც დაუმატა და უნგრეთის ნაკრებმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი უელსსა და სლოვაკეთს შორის შედგა და მასპინძლებმა მოიგეს. ჯეიმსმა დებიუტშივე გაიტანა და მერე ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. რაიან გიგზის გუნდმა შესარჩევ ეტაპზე პირველი თამაში ჩაატარა და წარმატებული სტარტი აიღო.

G ჯგუფში ერნა ზაჰავის ბენეფისი იყო. ისრაელის ნაკრებმა ავსტრიას უმასპინძლა და გამოცდილი ფეხბურთელის ბრწყინვალე თამაშით დაამარცხა. მარკო არნაუტოვიჩმა გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე ზაჰავის გამჩერებელი აღარავინ იყო. ებრაელმა შემტევმა ჰეთ-თრიქი გაიფორმა, რასაც მუნას დაბურის გოლიც მოჰყვა. არნაუტოვიჩმა ბოლოსკენ დუბლი გაიფორმა და მხოლოდ ის შეძლო, რომ ანგარიშის სხვაობა შეამცირა - 4:2.

პოლონეთის ნაკრებმა ვარშავაში ლატვიას უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ გამოკვეთილი ფავორიტი გახლდათ, კარგა ხანს ვერაფერს უხერხებდა მეტოქეს. საბოლოოდ, პოლონელებმა მაინც მოიგეს, რობერტ ლევანდოვსკიმ და კამილ გლიკმა ბალტიისპირელები მატჩის ბოლო 15-წუთეულში გატეხეს. ლუბლიანაში კი, სლოვენია და მაკედონია დაზავდნენ. მასპინძლებმა ტაიმი მიჰა ზაიჩის ზუსტი დარტყმით მოიგეს, მაგრამ ენის ბარდის გოლით სტუმრებმა გაათანარებს. უნდა ითქვას, რომ ორი ტურის შემდეგ მაკედონია 4 ქულით ჯგუფის ლიდერებში იმყოფება...

I ჯგუფში ყაზახეთის ნაკრებმა მორიგი სასწაული ვერ მოახდინა. მიხალ ბილეკის გუნდმა სამი დღის წინ შოტლანდია გააცამტვერა და საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა. თუმცა, ამჯერზე შინ რუსეთის ნაკრებთან უშანსოდ იყო. დენის ჩერიშევის ბენეფისი გამოდგა ეს თამაში, რომელმაც ჯერ დუბლი გაიფორმა და მერე საგოლე პასიც მიითვალა.

თავის მხრივ შოტლანდიამ ყაზახური სირცხვილი სან მარინოში ჩამოირეცხა და ადგილობრივი ნაკრები მოკრძალებულად, 2:0 დაამარცხა. ბუნებრივია, თუ ამას სირცხვილის ჩამორეცხვა ჰქვია...

ჯგუფის ფავორიტი ბელგია კი კვიპროსს ესტუმრა და მარტივად მოახერხა დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება. რობერტო მარტინესის გუნდმა უკვე მე-18 წუთისთვის მოასწრო ისეთი უპირატესობის შექმნა, რომ შემდეგ განსაკუთრებული ძალისხმევის დახარჯვა არ დასჭირვებია. ედენ აზარმა და მიჩი ბატშუაიმ ხსენებულ მონაკვეთში ორჯერ დაამწუხრეს მასპინძლები და როგორც მოსალოდნელი იყო, ბელგიამ ადვილად გაიმარჯვა.

C ჯგუფი

ჩრდ. ირლანდია - ბელარუსი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ევანსი (30), 1:1 სტასევიჩი (33), 2:1 მაგენისი (87)

ჰოლანდია - გერმანია 2:3 (0:2)

გოლები: 0:1 სანე (15), 0:2 გნაბრი (34), 1:2 დე ლიხტი (48), 2:2 დეპაი (63), 2:3 შულცი (90)

ესტონეთმა მეორე ტური გამოტოვა

1. ჩრდ. ირლანდია 2 2 0 0 4:1 6
2. გერმანია 1 1 0 0 3:2 3
3. ჰოლანდია 2 1 0 1 6:3 3
4. ესტონეთი 1 0 0 1 0:2 0
5. ბელარუსი 2 0 0 2 1:6 0

E ჯგუფი

უელსი - სლოვაკეთი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჯეიმსი (5)

უნგრეთი - ხორვატია 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 რებიჩი (13), 1:1 შალაი (34), 2:1 პატკაი (76)

აზერბაიჯანმა მეორე ტური გამოტოვა

1. სლოვაკეთი 2 1 0 1 2:1 3
2. უელსი 1 1 0 0 1:0 3
3. უნგრეთი 2 1 0 1 2:3 3
4. ხორვატია 2 1 0 1 3:3 3
5. აზერბაიჯანი 1 0 0 1 1:2 0


G
ჯგუფი

ისრაელი - ავსტრია 4:2 (2:1)

გოლები: 0:1 არნაუტოვიჩი (8), 1:1 ზაჰავი (34), 2:1 ზაჰავი (45), 3:1 ზაჰავი (55), 4:1 დაბური (66), 4:2 არნაუტოვიჩი (75)

პოლონეთი - ლატვია 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (76), 2:0 გლიკი (84)

სლოვენია - მაკედონია 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ზაიჩი (34), 1:1 ბარდი (47)

1. პოლონეთი 2 2 0 0 3:0 6
2. ისრაელი 2 1 1 0 5:3 4
3. მაკედონია 2 1 1 0 4:2 4
4. სლოევნია 2 0 2 0 2:2 2
5. ავსტრია 2 0 0 2 2:5 0
6. ლატვია 2 0 0 2 1:5 0

I ჯგუფი

ყაზახეთი - რუსეთი 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ჩერიშევი (19), 0:2 ჩერიშევი (45), 0:3 ძიუბა (52), 0:4 ბეისებეკოვი (62, ა.გ)

სან მარინო - შოტლანდია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მაკლინი (4), 0:2 რასელი (74)

კვიპროსი - ბელგია

გოლები: 0:1 აზარი (10), 0:2 ბატშუაი (18)

1. ბელგია 2 2 0 0 5:1 6
2. კვიპროსი 2 1 0 1 5:2 3
3. რუსეთი 2 1 0 1 5:3 3
4. ყაზახეთი 2 1 0 1 3:4 3
5. შოტლანდია 2 1 0 1 2:3 3
6. სან მარინო 2 0 0 2 0:7 0

0.119944