ფეხბურთი

22:34 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოულმენი: „ქართველებთან ძალიან რთული მატჩი გველის“

ირლანდიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლი გიბრალტართან სტუმრობით დაიწყო და 1:0 გაიმარჯვა, თუმცა ერთობ გაუჭირდა. გადამწყვეტი, 49-ე წუთზე ჯეფ ჰენდრიკის მიერ გატანილი გოლი გამოდგა. გიბრალტარელთაგან გაკვირვებულმა „მწვანეების“ დამრიგებელმა, მიკ მაკარტიმ, შემდეგ ამ მატჩს „საშინელი“ უწოდა. მას ევერტონელმა კაპიტანმა, შეიმუს კოულმენმაც დაუკრა კვერი და დასძინა, საერთაშორისო ფეხბურთში გამარჯვება სულ უფრო ძნელდებაო და ყველა მეტოქეს მოუწოდა - უფრთხილდით „ჯუჯებსო.“

„საბედნიეროდ გავიმარჯვეთ. ვიმედოვნებ, გიბრალტარელები ჩვენს კონკურენტებსაც დააკარგვინებენ ქულებს. მათ ეს შეუძლიათ. წინა შესარჩევში მათ 7:0 და 4:0 მოვუგეთ. ახლა კი... საერთაშორისო ფეხბურთში მოგება ძალიან რთულდება. ყველა ნაკრებმა მოუმატა ოსტატობას.

ჯგუფიც რთული შეგვხვდა. სამშაბათს საქართველოს ნაკრებთან გვიწევს გაჯიბრება და იმედია, მორიგ სამ ქულას მოვიპოვებთ. მათ ცხრაჯერ შევხვედრივართ და ერთის გარდა ყველა თამაში მოვუგეთ. მხოლოდ ბოლო შესარჩევ მატჩში, 2017 წლის სექტემბერში, თბილისში ვითამაშეთ 1:1.” - ამბობს კოულმენი.

თბილისურ მატჩამდე 11 თვით ადრე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში, „ავივას“ სტადიონზე, ირლანდიელებმა სწორედ კოულმენის კინკილა გოლით მოგვიგეს. ეს ევერტონელის პირველი სანაკრებო გოლი გახლდათ კარიერაში.

გიბრალტართან მან 50-ედ მოირგო ეროვნული გუნდის მაისურა და იმედოვნებს, მწვრთნელი მას ქართველების წინააღმდეგაც ენდობა.

„ძლიან რთული მატჩი გველის. ქართველებს კარგი გუნდი ჰყავთ და ყოველ შესარჩევში უმატებენ თამაშს.“ - განუცხადა კოულმენმა Daily Mail-ს.

0.13295