კალათბურთი

21:35 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბათუმმა” თბილისში “დელტა” დაამარცხა

სუპერლიგის მე-14 ტური დასრულდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “დელტამ” “ბათუმს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 70:78 დამარცხდა. აჭარული გუნდისთის ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი სუპერლიგაში დასარჩენად იბრძვის და მისი მთავარი მიზხანი საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრაა. ამ გამარჯვებით ბათუმელებმა მე-9 ადგილს თავი დააღწიეს და 7-8 პოზიციას “ტიტებთან” ერთად იყოფენ.

მატჩს რაც შეეხება, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. ბათუმელებმა ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს და პირველი პერიოდი მიწურულს 15 ქულითაც იგებდნენ, თუმცა 2-წუთიან შესვენებაზე სტუმრებს 8-ქულიანი ლიდერობა შერჩათ – 21:13. “დელტამ” მეორე მეოთხედში თამაში გამოასწორა და დაცვის ხარჯზე მოპოვებული უპირატესობა შედეგშიც გარდასახა – დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

მესამე პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა “დელტამ” რამდენჯერმე მოახერხა მეტოქის გადასწრება, თუმცა ბათუმელებმა თამაში დაალაგეს – სწრაფ კონტრშეტევებთან ერთად ფარქვეშა, პოზიციური თამაშიც წაუვიდათ და ბოლო პერიოდში სტუმართა ლიდერობა ისევ 10-ქულიან ნიშნულს გადასცდა.

“დელტა” მაინც არ დანებდა და ბოლოსწინა წუთზე ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ბათუმელებმა მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელეს, რომელიც კეისი შეპარდმა შედეგიანად დააგვირგვინა და “ბათუმს” გამარჯვება გაუნაღდა. ზღვისპირელებს სწორედ შეპარდმა ულიდერა, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 12-12 ქულა მოაგროვეს ავთანდილ ლომინაშვილმა და სტეფან ანდრეევიჩმა. 10 ქულა სპენსერ კოლინსის ანგარიშზეა. “დელტაში” 24 ქულით საუკეთესო იყო ერიკ ნოთიჯი. 19 ქულა ოთარ ფხაკაძის ანგარიშზეა.

შემდეგი ტურის მატჩები 27, 28 და 29 მარტს, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში გაიმართება.

დელტა – ბათუმი
სტატისტიკა: 70:78

www.gbf.ge

0.116829