სხვა

13:05 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება დაკარგა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი ოძეკის პრესტიჟულ ტიტულს დაემშვიდობა. ეს იაპონიის ქალაქ ოსაკაში მოხდა, სადაც დღეს საგაზაფხულო სუპერტურნირი დასრულდა.

ტრავმირებულ ტოჩინოშინს რომ რთული ბაშო ელოდა, თავიდანვე ცნობილი იყო. ქართველი სეკიტორი მარტის შეჯიბრს კადობანში მყოფი შეხვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) გარეშე, დაქვეითებას ვერ გადაურჩებოდა.
ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოს პირველი ნახევარი ნორმალურად განვლო, დასკვნითი 6 ორთაბრძოლიდან კი მხოლოდ 1 მოიგო და ეს, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მან ასეთი შედეგი დააფიქსირა: 7 მოგება, 8 მარცხი.
ქართველმა სუმოისტმა საბედისწერო მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) დღეს გაიფორმა, როდესაც სეკივაკე ტაკაკეიშოს გაეჯიბრა და წარმატების შანსი, ფაქტობრივად, არ ჰქონია. იაპონელი სუმოისტი ჩვენებურს მძლავრად მიაწვა და ის დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა.
მარტის სუპერტურნირის ჩემპიონი მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო გახდა, რომელმაც ტურნირი დაუმარცხებლად განვლო. “თეთრმა ფენიქსმა” მიჯრით მე-15 გამარჯვება იოკოძუნა კაკურიუსთან იზეიმა და მე-4 მაეგაშირა იჩინოჯოს 1 მოგებით აჯობა.
ჰარუ ბაშო მინიმალური დადებითი ბალანსით (8 მოგება, 7 მარცხი) დაასრულა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა დასკვნითი ორთაბრძოლა დასავლეთის პირველ ნომერ ჩიიომარუსთან გამართა და ჰატაკიკომით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ოსაკაში აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ირჯებოდა, ამდენად, რეიტინგში მცირე წინსვლა ელის.

0.119035