ბლოგი

20:43 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზიური ფეხბურთის პარადოქსი

მიუხედავად იმისა, რომ აზია სპორტის მრავალი სახეობის სამშობლოა, ფეხბურთი აზიის ქვეყნებში საკმაოდ გვიან შევიდა (თუმცა არსეობს ლეგენდა იმაზე, რომ ფეხბურთი საერთოდ ძველ ჩინეთში შეიქმნა) და განვითარების კუთხითაც მიუხედავად გაცემული ავანსებისა, ხარისხობრივად ნამდვილად არაა რასაც აზიური ფეხბურთის მესვეურები ისურვებდნენ ან ვთქვათ 30 წლის წინ წარმოიდგენდნენ.

2002 წელს, როდესაც მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანო ფიფამ პირველად ჩაატარა საფეხბურთო მუნდიალი, ევროპისა და ამერიკის კონტინენტების გარეთ (კორეა-იაპონიაში), ბევრი საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა აზიაში ფეხბურთის ხელახლა დაბადების წინაპირობა და სულ მალე დადგებოდა დრო, როდესაც აზიის ქვეყნების ნაკრებები ევროპისა და ამერიკის ნაკრებებს ტოლ-სწორად ეპაექრებოდნენ.

დრო გადის, აზიის ქვეყნები ვითარდებიან, ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საფეხბურთო პირველობებში დიდი ფულიც იდება, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ჯერჯეობით დიდ გავლენას მაინც ვერ ახდენს ამ ქვეყნების სანაკრებო წარმატებებზე. მოცალეობისას თუკი “გარისკავთ“ და აზიის თასის შეხვედრებს, ანდა წინასამსოფლიოჩემპიონატე შესარჩევი ეტაპის აზიის ზონის თამაშებს ნახავთ, ადვილად დარწმუნდებით, რომ ეს გუნდები არათუ ევროპისა და ამერიკის, აფრიკის ნაკრებებთანაც კი ნამეტნავად უხეიროდ გამოიყურებიან.

ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ტრადიციებსა და ისტორიულ გამოცდილებას დიდი ძალა აქვს და რაკი აზიაში ფეხბურთი ტრადიციის ნაწილი ვერ გახდა, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მაგალითად აზიის საუკეთესო გუნდებს - იაპონიის ან ირანის ნაკრებს ყოველთვის უჭირდათ ევროპელებთან (და სხვებთანაც) თანაბრად პექრობა. თუმცა, ტრადიცია მხოლოდ გუშინ მოგონილი ამბავი არაა და ის შეიძლება დღეს შეიქმნას, ხვალ ჩამოყალიბდეს და ზეგ თავისი ნაყოფი გამოიღოს. მაგალითად, 30 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისტორიულად სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული ჩინეთი დღეს ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი ქვეყანა გახდებოდა და რიგითი ჩინელები ბრინჯის მოყვანის ნაცვლად ულტრათანამედროვე ტექნიკური სისტემების აწყობას დაიწყებდნენ.

ზოგადად აზია უცნაურობების მხარეა და ის რაც ჩვენთვის დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, აზიაში არავის აკვირვებს. გასული საუკუნის 70-იან წლებში სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ და ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარმოადგინა და მათი გეგმით, სადღაც ჩვენს დროში (21-ე საუკუნის 10-იან წლებში) სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. კორეელებმა როგორც წესი სიტყვის საქმედ ქცევა იციან და ეს მრავალი რამით დადასტურდა, თუმცა გამონაკლისი როგორც ჩანს მაინცდამაინც ფეხბურთი აღმოჩნდა.

ფეხბურთის რიგითი ქომაგი უყურებს იაპონიაში აშენებულ ერთმანეთზე მაგარ სტადიონებსა და საწვრთნელ ბაზებს, ჩინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში დახარჯულ აურაცხელ თანხას, ხედავს ირანელი ხალხის ფეხბურთისადმი ფანატიკურ სიყვარულს, თეირანში გადაძეძგილ სტადიონებს (რაც სხვათა შორის არაერთხელ დამთავრებულა პოლიტიკური მოთხოვნებით) და უკვირს, რატომ ვერ წავიდა აზია წინ თუნდაც იმ დონემდე, რომ საშუალო ევროპული ნაკრებების ტოლ-სწორობა შეძლონ.

ცხადია გამონაკლისები მუდამაა და აზიელები სხვადასხვა მუნდიალზე გვაკვირვებდნენ შეუდრეკლობით, მაგრამ რაიმე რეალურ და ხელშესახებ წარმატებამდე (ხსენებულ 2002 წელს მსაჯების დახმარებით ოთხეულში გაყვანილი სამხრეთ კორეის ნაკრების “წარმატება“ არ უნდა ჩაითვალოს) საბოლოო ჯამში მაინც ვერადროს მიაღწიეს. წინ ყატარიში გასამართი 2022 წლის მუნდიალია და ვითომ სულ ასე იქნება?...

0.120318