ფეხბურთი

10:52 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

თავს ზემოთ ძალა არ იყო...

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპი შვეიცარიასთან მარცხით დაიწყო. რა გაეწყობა, მეტოქე ძალიან ძლიერი იყო. ალბათ, წინა შესარჩევ ციკლში (ერთა ლიგაზე ხომ საუბარიც ზედმეტია) არ ჰყოლია საქართველოს ნაკრებს მსგავსი სიძლიერის მეტოქე.

გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე - რეალობა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდის სათამაშო დისციპლინა, ფიზიკური მომზადება და ტაქტიკური განსაწვლულობა შესაშურია. ფიფას რეიტინგშიც მერვე პოზიცია შემთხვევით არ უკავია. მოკლედ, ორი აზრი არაა - სტუმრებმა დამსახურებულად მოიგეს.

პირველი ტაიმი მართლაც თანაბარი იყო, მაგრამ შემდეგ შვეიცარიელებმა კლანჭები გამოაჩინეს. ძნელი გასახსენებელია, ბოლოს რომელმა გუნდმა შექმნა ამდენი სახიფათო მომენტი საქართველოს ნაკრების კართან. ყოფილა შემთხვევები, თანაც ძალიან ხშირად, როდესაც ვაისის გუნდს წაუგია, მაგრამ გვითქვამს, აი, იქ არ გაგვიმართლა, აი, ცოტა დაგვაკლდა, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ...

არა, ახლა სრულიად საპირისპირო რამ ვნახეთ - საქართველოს ნაკრებმა ძალიან ცუდად ითამაშა და გულდასაწყვეტიც ან უფრო სწორად ხელჩასაჭიდიც არაფერია - თავს ზემოთ უბრალოდ ძალა არ იყო. წესითა და რიგით, „ჯვაროსნების“ რეალური შესაძლებლობები 26 მარტს, დუბლინში უნდა გამოჩნდეს და აი, მერე უფრო რეალური იქნება დასკვნები. შვეიცარია უბრალოდ ძალიან ძლიერი იყო და შვეიცარიამ უბრალოდ ძალიან მარტივად გვაჯობა.

WORLDSPORT.GE კი, გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს:

გიორგი ლორია 7 - საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო. რომ არა, დიდი ალბათობით, ანგარიში გაცილებით სოლიდური იქნებოდა. გაშვებულ გოლებშიც ბრალი არ მიუძღვის. მეტიც, მეორე გოლის ეპიზოდში ყველაფერი გააკეთა, კარი მშრალად რომ შეენახა, მაგრამ არ გამოვიდა. გამოსვლებზეც წუნი არ ჰქონია. ფაქტია, სათამაშო პრაქტიკა მასზე კარგად აისახა.

ოთარ კაკაბაძე 5.5 - ეს პირველი თამაში იყო ნოემბრის შემდეგ. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რთულია მისგან მაქსიმუმის მოთხოვნა. თამამად თამაშობდა, მაგრამ გამწვავებას ვერ ახერხებდა. დაცვაშიც ჰქონდა წუნი, განსაკუთრებით პირველი გოლის ეპიზოდში.

დავით ხოჭოლავა 5.5 - მისი სასტარტოში გამოჩენა მოულონდელი იყო. ვაისმა გადაწყვიტა შანსი მიეცა. პირველი ტაიმი უშეცდომოდ, იდეალურად ჩაატარა, თუმცა მეორე ნახევარში შეცდომები ჰქონდა პოზიციურ თამაშში. გოლის ეპიზოდში ემბოლომ აჯობა.

გურამ კაშია 5.5 - შეიძლება ითქვას, კაშიას თამაში 60 წუთი უნდა შევაფასოთ. ამ დროში მას ურიგოდ არ უთამაშია. აი, მერე ვაისმა მარცხენა ფლანგზე გაამწესა და ეს ძალიან უცნაური იყო. გურამი გვინახავს მარჯვენა მცველად, საყრდენ ნახევარმცველად, მაგრამ სლოვაკმა ნოვაციას დაუდო სათავე.

ჯიმი ტაბიძე 5.5 - ტაბიძის მარცხენა ფლანგზე გამოჩენა დაცვის გამყარებას და მეორე სართულზე უპირატესობის შექმნას უნდა მივაწეროთ. ჯიმის არ ჰქონია ურიგო თამაში, განსაკუთრებით მატჩის საწყის ნაწილში. მერე ფაბიან შართან შეჯახებისას თავი დიაზიანა და მეორე ტაიმში შესაცვლელი გახდა. შეტევაში ვერ ერთვებოდა, მაგრამ მისი ფლანგიდან არც განსაკუთრებული ხიფათი შეუქმნიათ სტუმრებს.

სოლომონ კვირკველია 5.5 - ძირითადში, მაგრამ მოედანზე მაშინ ვიხილეთ, როცა ნაკრები უკვე მარცხდებოდა. მეორე სართულზე დამაჯერებელი იყო, მაგრამ ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო მონაკვეთი. შვეიცარიამ მეორე ტაიმში ძალიან ბევრი ხიფათი მოიტანა ჩვენს კართან და მეტწილად, დაცვის შუა ნაწილიდან ძალზე ადვილად იქმნებოდა მომენტები. მხოლოდ კვირკველიას არა, ზოგადად დაცვის თამაშზე უნდა აღვნიშნოთ, რომ 10 დაბლოკილი დარტყმა იყო მათ ანგარიშზე და ამ კომპონენტში შექებას იმსახურებენ. თუმცა, მთლიანობაში დაცვაში უამრავი ხარვეზი იყო, მეორე ტაიმში...

ნიკა კვეკვესკირი 4.5 - პირველ ტაიმში იყო ეფექტური ეპიზოდები, როცა 2-3 შვეიცარიელის გარემოეცვაში დამაჯერებლად მოქმედებდა, მაგრამ მისგან მეტ კრეატივს და დამაჯერებლობას ველოდებით.მეორე ტაიმში კიდევ უფრო ჩაიკარგა და სტუმრები მოედნის ცენტრში ყველაფერს აკეთებდნენ.

ჯაბა კანკავა 6.5 - კაპიტანი ალბათ ლორიასთან ერთად საუკეთესო იყო. ტრადიციისამებრ მოედნის არცერთ ნაწილში არაფერი დაუთმია. ბოლოსკენ თუ ვინმე სცდილობდა შეტევას, პირველ რიგში სწორედ ჯაბა იყო. თანაგუნდელთაგან სათანადაო მხარდაჭერა აშკარად აკლდა.

ვაკო გვილია 5.5 - გვილიას ეტყობოდა, რომ სხვებთან შედარებით ფორმაშია. არა იდეალურში, მაგრამ მაინც ფორმაშია. პირველ ტაიმში ყაზაიშვილი კარგ პოზიციაში დატოვა. მეორე ნახევარში თავად სცადა შორი მანძილიდან გატანა არ გამოუვიდა. ვაკომ ბევრი იბრძოლა და ბევრიც იშრომა.

ჯანო ანანიძე 4.5 - რას მივაწეროთ? ფლანგზე თამაშს? ეროვნულ ნაკრებში დიდხნიან პაუზას? ვაისმა თქვა, რომ ანანიძეს მისი ხელმძღვანელობით საუკეთესო პირველი ტაიმი ჰქონდა. ვერ დავეთანხმებით - უფრო პირიქით. ძალიან პასიური იყო და ჩაკვეტაძის არყოფნაში მასზე დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. დუბლინში რადიკალურად სხვანაირი ანანიძე გვჭირდება.

ნიკა კაჭარავა შ.გ - კაჭარავამ ანანიძე 83-ე წუთზე ჩაანაცვლა.

გიორგი ქვილითაია 5.5 - პრაქტიკულად შეტევაში მარტო იყო. ეს მხოლოდ თანაგუნდელების ბრალი არ ყოფილა, სამწვრთნელო შტაბის ბრალეულობაა, რადგან გუნდმა ძალზე ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. გიორგი არაა ფორმაში, „გენტშიც“ არ თამაშობს და ბუნებრივია გაუჭირდა. ფიზიკურად ძლიერ მეტოქეებთან (შარი და აკანჯი) ბრძოლაში კი ცოტა არ იყოს დაიჩაგრა. მეორე ტაიმში დაიღალა, ლოგიკურიც იყო.

საბა ლობჟანიძე შ.გ - ლობჟანიძეს აქამდე სპარინგებში უთამაშია, მაგრამ ოფიციალურ მატჩში დებიუტი ჰქონდა. მინდორზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა

ვაკო ყაზაიშვილი 4.5 - ვაისი ყაზაიშვილს ძალიან ენდობა. ალბათ, არავის ისე, როგორც მას. ფაქტია, სუსტი თამაში ჰქონდა. ერთადერთი დარტყმა მის ანგარიშზეა, მაგრამ უფრო გვილიას დამსახურებით. დარტყმა კი უკეთ შეეძლო და მართებდა. სხვა მხრივაც ვერ გამოირჩა. ზოგჯერ უცნაური გაგრძელებას ეძებდა. ვერც ფლანგზე იაქტიურა და ვერც ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გაისარჯა სათანადოდ. ეს არ იყო მისი საღამო.

0.148566