ფეხბურთი

20:53 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ასეთ დონეზე სათამაშოდ ამჟამად მზად არ ვართ"

„სამწუხაროდ, ამ ეტაპზე 90 წუთის განმავლობაში ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ ვართ“, - ასე დაიწყო საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა, რადგან განსაკუთრებით ფიზიკურად შვეიცარიამ საქართველო დაჯაბნა. ვაისმა ასევე ისაუბრა დამდეგ მატჩზე და თქვა, რომ საქართველოს ნაკრები დუბლინში ქულებისთვის მიემგზავრება.

„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შეგვიძლია ამ დონეზე ვითამაშოთ 90 წუთი და მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. შვეიცარიას ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ძლიერ ლიგებში თამაშობენ და ფიზიკურად აშკარად გვაჯობეს. მათთვის ასეთ დონეზე თამაში გასაკვირი არაა, ჩვენ კი, წელიწადში მხოლოდ 6 თამაშს თუ ვთამაშობთ მსგავს დონეზე.

კვირველია? - გადავწყვიტე, რომ ხოჭოლავასთვის მიმეცა შანსი, ხოლო კვირკველიამ იცის, რატომაც არ ითამაშა თავიდანვე. არაფერი მომხდარა, უბრალოდ ავუხსენი, რატომ არ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში.

შვეიცარიის ნაკრებთან ღია თამაში, შესაძლოა თვითმკვლელობა იყოს. ანანიძე? ჩემი აზრით, მან პირველი ტაიმი ჩემი ხელმძღვანელობით საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქემ თამაში გადააწყო და ამიტომაც, ვერ მოახერხა სათანადო დონეზე თამაში. გავითვალისწინოთ, რომ ქვილითაიას 6 თვე გაუცდა, ჯანომაც მხოლოდ ახლა დაიწყო რუსეთში რეგულარულად თამაში, კაკაბაძემ ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველი თამაში ჩაატარა და ბუნებრივია, ისინი საუკეთესო ფორმაში არ არიან.

ოქრიაშვილი სამი თვეა უგუნდოდაა და მაინტერესებდა, როგორ ფორმაში იქნებოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ 15 წუთის სათამაშოდ ამჟამად მზად არაა. ამ ჯგუფში შვეიცარია მართლაც გამორჩეულია და დიდი რესურსი გააჩნია. მათი ფეხბურთელები ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულები.

ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში საკმაოდ რთულია ამ შემადგენლობით. მოგეხსენებათ, ჩვენი ფეხბურთელები როგორ ჩემპიონატებში თამაშობენ. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, მაგრამ რეალობა ასეთია. პირველი ნახევრის შემდეგ მეორე ტაიმის კარგად ჩატარებისთვის შესაბამის ფიზიკურ კონდიციებში ყოფნაა საჭირო.

ირლანდიასთან მატჩი? ცვლილებები აუცილებლად იქნება, ორი ან სამი. ვიცით, რომ ტაბიძე ვერ ითამაშებს, რადგან დღეს ტრავმა მიიღო. ვეცდებით ირლანდიასთან ქულების მოპოვება. ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც რა თქმა უნდა, თავის ხედვებს დანერგავდა. არასდროს არაა ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში, განსაკუთრებით ფიზიკური კონდიციების მხრივ. თუმცა, მიუხედავად ცუდი სტატისტიკისაა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დუბლინში ქულები მოვიპოვოთ“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას 26 მარტს, დუბლინში, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.115153