ფეხბურთი

2:10 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს უგოლო დაბრუნება და ინგლისის შოუ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გრძელდება და დღეს სამ ჯგუფში გაიმართა პირველი ტურის მატჩები.

A ჯგუფში მთავარი მატჩი „უემბლიზე“ შედგა, სადაც ინგლისის ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და გააცამტვერა. გარეთ საუთგეიტის გუნდმა ამჯერად საქმეში დაამტკიცა, რომ ჯგუფის ფავორიტი არამარტო ქაღალდზეა. „სამმა ლომმა“ ჩეხეთის ნაკრებისგან არაფერი დატოვა - 5:0.

ბწრყინვალე მატჩი ჰქონდა რაჰიმ სტრლინგს, რომელმაც მეტოქე არ დაინდო და ჰეთ-თრიქი შეასრულა. „სიტის“ შემტევს ეს საღამო ალბათ არასდროს დაავიწყდება, რადგან ეროვნული ნაკრების მაისურით ერთ მატჩში სამი გოლის გატანა მარტივი საქმე როდია... სტერლინგის გარდა სხვებიც არ ყოფილან უსაქმოდ. თავი ჰარი კეინმაც გამოიჩინა და ბოლოს ამ ყველაფერს კალასის ავტოგოლიც დაერთო. ჯგუფის მეორე მატჩი სოფიაში შედგა, სადაც ბულგარეთმა და მონტენეგრომ ქულები გაიყვეს. სტუმრები მეორე ტაიმის სტარტზე დაწინაურდნენ, მაგრამ ნედელევმა 82-ე წუთზე პენალტით გაათანაბრა. პენალტით, რომელიც არ იყო დასანიშნი - ბულგარელი შემტევი ცალსახად საჯარიმოს მიღმა წააქციეს, მაგრამ მსაჯისთვის ეს მაინც უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გამოდგა.

B ჯგუფის გამორჩეული მატჩი ლისაბონში შედგა და გოლი არ გავიდა. კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც პორტუგალიის ნაკრებს 9-თვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა, ბევრს ეცადა გოლით დაბრუნებულიყო, მაგრამ საგოლე შანსები გაანიავა. შედეგად, ანდრეი შევჩენკოს უკრაინამ ევროპის მოქმედ ჩემპიონთა სტუმრად მეტად ფასეული ქულა მოიპოვა.

სხვათა შორის ამ ჯგუფის სათავეში პირველი ტურის მერე ერთპიროვნულად ლუქსემბურგის ნაკრები მოექცა, რომელიც შინ ლიეტუვასთან მარცხდებოდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა, თავად მოიგო და საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ არც ისეთი მაჩანჩალაა, როგორც ბევრს ჰგონია.

H ჯგუფში კი წარმატებული სტარტი აიღო მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა. „მამლებს“ მოლდოვასთან სტუმრად სამი ქულის მოპოვება საერთოდ არ გაძნელებიათ. დიდიე დეშამის გუნდმა ცალი ფეხით მოიგო და მეორე მატჩისთვის კარგი ვარჯიში გამოუვიდა. აი, თურქეთის ნაკრებმა ალბანეთში ადგილობრივი ნაკრები დაამარცხა და ახალი შესარჩევი ეტაპი მშვენიერ განწყობაზე დაიწყო. იგივე ითქმის ისლანდიის ნაკრებზე, რომელმაც ასევე სტუმრად ირგუნა სამი ქულა, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ანდორა საპირწონედ მეტისმეტად სუსტი მეტოქე გახლდათ.

A ჯგუფი

ბულგარეთი - მონტენეგრო 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 მუგოსა (50), 1:1 ნედელევი (82, პენ)

ინგლისი - ჩეხეთი 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 სტერლინგი (24), 2:0 კეინი (45, პენ), 3:0 სტერლინგი (62), 4:0 სტერლინგი (69), 5:0 კალასი (84, ა.გ)

კოსოვომ პირველი ტური გამოტოვა

B ჯგუფი

ლუქსემბურგი - ლიეტუვა 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჩერნიჩი (14), 1:1 ბარეირო (45), 2:1 როდრიგესი (55)

პორტუგალია - უკრაინა 0:0 (0:0)

სერბეთმა პირველი ტური გამოტოვა

H ჯგუფი

ალბანეთი - თურქეთი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ილმაზი (21), 0:2 ჩალჰანოღლუ (55)

ანდორა - ისლანდია 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბიარნასონი (22), 0:2 კიარტანსონი (80)

მოლდოვა - საფრანგეთი 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 გრიზმანი (24), 0:2 ვარანი (27), 0:3 ჟირუ (36), 0:4 მბაპე (87), 1:4 ამბროსი (89)

0.293208