სხვა

14:20 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ურთულესი მისია

31 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის ტიტულით ირჯება, ურთულეს პოზიციაში იმყოფება.

ჰარუ ბაშოს 13 დღის თავზე, ტოჩინოშინს 6 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადებითი ბალანსის ანუ კაჩი-კოშის დასაფიქსირებლად დარჩენილი ორივე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება.
ვინაიდან ქართველი სეკიტორი კადობანში იმყოფება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოძეკის პრესტიჟულ წოდებას დაემშვიდობება.
ტოჩინოშინმა მორიგი შერკინება დღეს დასავლეთის პირველ იოკოძუნა კაკურიუსთან ჩაატარა და მტკივანმა ფეხმა სრული დატვირთვით გარჯის საშუალება ისევ არ მისცა. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა მარჯვენამხრიან დგომა მიგი-იოცუში იორიკირის მიმართა და ლევანი დოჰიოს მიღმა გაიყვანა.
ქართველი სუმოისტი მარტის სუპერტურნირის ბოლოსწინა შერკინებას ხვალ ჩაატარებს, მეტოქედ კი დასავლეთის პირველი სეკივაკე ტამავაში ეყოლება, რომელსაც 8 ორთაბრძოლა უკვე წაგებული აქვს და უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვერ გადაურჩება. ტოჩინოშინი მომავალ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში 16:10-ს უგებს.
მიზნამდე კვლავაც 1 მოგება აშორებს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ასპარეზობს.
ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-11 რეიტინგოსან ტობიძარუსთან ოშიდაშით წააგო და 7 გამარჯვების წილ მე-6 მარცხი მოუგროვდა.
გაგამარუს შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-12 ნომერი არავაში იქნება, რომელთანაც ქართველს გასული 7 შერკინებიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული.
“იმპერატორის თასის” მოგების საუკეთესო შანსი კვლავაც მონღოლ იოკოძუნა ჰაკუჰოს აქვს, რომელმაც მიჯრით მე-13 გამარჯვება ოძეკი გოეიდოსთან იზეიმა. ლიდერს 1 გამარჯვებით დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იჩინოჯო ჩამორჩება.

0.120086