კალათბურთი

15:20 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად აღიარეს

19 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად აღიარეს. შეჯიბრის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, “ბუდუჩნოსტის” ტალანტმა გამოკითხვაში კონკურენტებს საგრძნობლად აჯობა.

შეგახსენებთ, რომ საუკეთესო ახალგაზრდის გამოვლენის პროცესში ხმების 60% ლიგის მწვრთნელებს ეკუთვნოდათ, 30% - ფანებს, 10% კი – ადრიატიკის ლიგის კომისიის წევრებს. საინტერესოა, რომ სამივე კატეგორიაში პირველობა გოგას ერგო.
საბოლოოდ, ბითაძემ ხმების 42% მიიღო და დიდი სხვაობით გაუსწრო ბორისა სიმანიჩსა (“ცრვენა ზვეზდა”, სერბეთი, 24%) და ლუკა სამანიჩს (“ოლიმპია”, სლოვენია, 15.5%).

ქართველი ლეგიონერი სეზონის სტარტზე სერბულ “მეგა ბემაქსში” ბრწყინავდა, შემდეგ კი ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ბუდუჩნოსტში” გადაბარგდა და ტემპი არც იქ დაუგდია.

ამ დროისთვის, გოგას ტურნირში 20 მატჩი აქვს ჩატარებული და სოლიდური საშუალო მაჩვენებლები (16.3 ქულა, 6.4 მოხსნა, 2.0 დაფარება, 0.9 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 20) გააჩნია.

გასაკვირი არაა, რომ აღნიშნული კოეფიციენტით ის ახალგაზრდა კალათბურთელებს შორის საუკეთესოა, სრულიად ლიგაში კი საპატიო მე-3 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალშია გასული და 25 მარტიდან ხორვატულ “ცედევიტასთან” სერიაში ჩაერთვება, დღეს კი, პოდგორიცელებს ევროლიგაში სტამბულის “ფენერბაჰჩესთან” შერკინება ელით.

0.118366