შვეიცარიის ნაკრები თბილისში ლიდერის გარეშე ჩამოდის. როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება, „ლივერპულის“ შემტევი შერდან შაქირი ტრავმირებულია, რის გამოც საქართველოსთან და დანიასთან მატჩებს გამოტოვებს.
შაქირი შვეიცარიის ნაკრების მთავარი ლიდერია და ბუნებრივია, ეს ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია. ბოსნიელი სპეციალისტი 27 წლის შემტევის ნაცვლად ერთ ფეხბურთელს გამოიძახებს და მისი ვინაობა სამშაბათს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, ჩვენს მომავალ მეტოქეს შეტევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ჰარის სეფეროვიჩიც ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, თბილისში, 18:00 საათზე გაიმართება.