18 მარტს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ქალთა მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორებთან შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია; კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი: ელიზბარ უბილავა, მწვრთნელი დავით ჯოჯუა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართული მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ნაკრები მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა ჩინეთის და რუსეთის შემდეგ. ბრწყინვალედ იასპარეზეს ქართველმა ქალებმა ინდივიდუალურ დაფებზეც! ოქროს მედალი დაისაკუთრა სალომე მელიამ სათადარიგო დაფაზე, მეორე და მესამე დაფაზე ვერცხლის მედალს დაეპატრონენ: მერი არაბიძე და ლელა ჯავახიშვილი. პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გუნდის ლიდერმა ბელა ხოტენაშვილმა. მეოთხე დაფაზე მეოთხეზე გავიდა ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ყველა პარტია შავებით ითამაშა!
ბრინჯაოს პრიზიორებს წარმატება მიულოცეს: განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა მიხეილ გიორგაძემ და შალვა გოგოლაძემ, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ; ლეგენდარულ ქალ მოჭადრაკეთა გუნდის წევრებმა: ნანა ალექსანდრიამ და ნანა იოსელიანმა.
www.gcf.org.ge