სხვა

14:07 | 18.03.2019 | ნანახია 1960 - ჯერ

ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა
ტოჩინოშინს მიზნამდე 2 მოგება აშორებს

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მე-6 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად, დარჩენილი 6 შერკინებიდან ორის მოგებაც ეყოფა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სეკიტორი ჰარუ ბაშოს კადობანში შეხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) შემთხვევაში, ოძეკის წოდების დაკარგვა ელის, თუმცა, ჩვენებურის წარმატებული გარჯა იმედიანად განგვაწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ტოჩინოშინს ტრავმა არ მოუშუშებია, დოჰიოზე ყოჩაღად გამოიყურება და უმთავრეს მიზანთან უკვე ძალიან ახლოსაა.
ლევანმა მორიგი რთული ორთაბრძოლა დასავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაისთან გადაიტანა, რომელსაც ოსაკაში ყველა შეხვედრა წაგებული ჰქონდა, თუმცა, ქართველთან ძალიან მოინდომა. იაპონელმა სუმოისტმა გორგაძის მოროძასიში შესვლა მოახერხა, მაგრამ ტოჩინოშინმა მარცხენამხრიანი დგომა ჰიდარი-უვატე შეინარჩუნა და მოწინააღმდეგე უვატენაგეთი დაჯაბნა.
ახლა, ქართველ ოძეკის 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, მომდევნო შერკინება კი ხვალ, დასავლეთის პირველ ოძეკ გოეიდოსთან ელის. ამ უკანასკნელმა მარტის სუპერტურნირი 5 მოგებით გახსნა, თუმცა, ბოლო ოთხ დღეს 2-ჯერ დამარცხა და ლიდერთა ჯგუფს დაშორდა. ჩვენებური მას 26-ჯერ შეხვედრია და ზურგს 10 მოგება უმაგრებს.
ამ დროისთვის, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონს კვლავაც ერთპიროვნულად ლიდერობს მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელმაც მიჯრით მე-9 გამარჯვება კომუსუბი მიტაკეუმისთან გაიფორმა. “თეთრ ფენიქსს” თითო მოგებით ჩამორჩებიან და “იმპერატორის თასის” მოგების შანსს ინარჩუნებენ იოკოძუნა კაკურიუ, ოძეკი ტაკაიასუ და რიგითი მაეგაშირები – იჩინოჯო და აოიამა.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დადებით ბალანსზე გავიდა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც ჰარუ ბაშოზე აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ირჯება. ქართველმა გოლიათმა 4 მარცხის წილ მე-5 მოგება (ჰატაკიკომით) აღმოსავლეთისვე მე-13 რეიტინგოსან ტაკანოშოსთან იზეიმა. შეჯიბრის მე-10 დღეს ჩვენებურის მეტოქე ასევე 5 გამარჯვების მქონე ამინიშიკი (დასავლეთის მე-11 ნომერი) იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ჯუღელი 4:6 მარცხდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:25 | 18.03.2019
valeri8848 (2622)

რა ტკივა ასეთი მოუშუშებელი???????

20:36 | 18.03.2019
Sport With pleasure (4571)

ფეხზე აქ სულ პრობლემა, ქრონიკულში გადაზრდილი.

18:10 | 18.03.2019
dinamo222 (8587)

ეტყობა მაგარ ტონუსში მოვიდა ! ბოლოს რა მაგრა შეუტია იმან მაგრამ გაუზლო და კონტრიც ჩაუტარა ! აფუუს სტარტზე ის 2 არ წაეგო და ეხლა გამარჯვების მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა !

18:31 | 18.03.2019
Sport With pleasure (4571)

+ ისეთებთან წააგო მართლაც შეიძლებოდა ფავორიტებში ყოფილიყო ახლა

17:46 | 18.03.2019
Sport With pleasure (4571)

მე ამ ბაშოს მგონია რომ, იგებს - “ტაკაკეიშო ან იჩქიკა” ამათ ვგულშემატკივრობ იმპერატორის თასისთვის

16:30 | 18.03.2019
majlajuna (1024)

ეს შოდაი შემოგზავნილია მგონი, სულ რომ კვდებოდეს მაინცდამაინც ტოჩისთან გაცქვიტდება ხოლმე, რა გაიგიჟა დღეს თავი

19:46 | 18.03.2019
O. Mertskhali (8101)

შოდაი კი არა, ყველა მასეა.. იმათი სპორტია და სხვა რასის წარმომადგენლის წინააღმდეგ, უფრო ინდომებენ, ბუნებრივია

20:34 | 18.03.2019
Sport With pleasure (4571)

მე დღეს როგორ მოიგო ის გამიკვირდა -> ისეთი წაგებული პოზიცია ქონდა!

14:53 | 18.03.2019
kelbo (7279)

მიდი ტოჩი მთავარი ბრძოლები წინაა - 2-ვე იოკოძუნა, 2 ოძეკი და 2-ვე სეკივაკე...
ხვალ გოიედოა

14:27 | 18.03.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

აბა თქვენ იცით. ტოჩის თითქოს და განაღდებულმა კაჩიკოშიმ არ მოგვატყუოს - აქედან ეწყება ლომებთან რკენა. მაგრამ კარგი რაზგონი აქვს აღებული და წესით უნდა შეძლოს.
ამინიშიკი კიდევ სუმოშია ? კაი ხრონცი ბერიკაცია უკვე (შეიძლება მეშლება).

14:53 | 18.03.2019
kelbo (7279)

არ გეშლება 40-ისაა

14:56 | 18.03.2019
KoRBeN DaLLaS (24838)

გაძლება მისცეს ღმერთმა
იმედია ხვალ გაგა მისი "ჭაღარის პატივისცემას" არ გადაყვება

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.158463
2745