ფეხბურთი

2:48 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შავ-ლურჯი მადონინა და "იუვეს" პირველი მარცხი

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბუნებრივია მილანში შედგა, სადაც დერბი დელა მადონინა გაიმართა. ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. „მილანი“ ოთხეულში ადგილს ძალიან გაიმყარებდა, „ინტერს“ კი წარუმატებელი პერიოდის ფონზე დერბიში ფეხის დაცდენის უფლება ბუნებრივია არ ჰქონდა.

საბოლოოდ, ბრძოლაში გამარჯვებული „ნერაძური“ გამოვიდა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მალევე, მე-3 წუთზე დაწინაურდა. მატიას ვესინომ „როსონერის“ მცველების უყურადღებო თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარი გაცილებით შედეგიანი გამოდგა. „მილანმა“ კვლავ დაკარგა კონცენტრაცია და სტეფან დე ვრეიმ „ნერაძურის“ კომფორტული უპირატესობა მოუპობა. ნომინალური მასპინძლები თამაშში მალევე ტიემუ ბაკაიოკოს გოლით დაბრუნდნენ, მაგრამ ესეც დროებითი გამოდგა, რადგან ლაუტარო მარტინესმა პენალტით ორბურთიანი სხვაობა აღადგინა. „მილანმა“ იბრძოლა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მატეო მუსაკიოს მეორე გოლი მხოლოდ ანგარიშის შესაცვლელად გამოდგა საკმარისი. „ინტერმა“ მოიგო და მესამე ადგილს დაუბრუნდა. „მილანი“ კი მადონინაში მარცხის მერე მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილს ინარჩუნებს და ყველაფერი მის ხელშია.

28-ე ტურში მილანური დებრის გარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. „იუვენტუსმა“ პირველად წააგო. როგორც ჩანს, და ეს მასიმილიანო ალეგრიმაც განაცხადა ნამატჩევს, ტურინელებმა „ატლეტიკოსთან“ შეხვედრას ძალიან დიდი ემოცია შეალიეს და მენტალურად „ჯენოასთან“ მატჩის გამოფიტულები შეხვდნენ. შედეგად, „იუვემ“ გენუა ისე დატოვა, რომ კარის ჩარჩოში არც დაურტყამს. საპასუხოდ სტეფანო სტურარომ და გორან პანდევმა ორჯერ გაიტანეს და „ჯენოა“ გამოდგა პირველი გუნდი იტალიაში, რომელმაც „იუვე“ ამ სეზონში დაამარცხა. ცნობისთვის, პირველ წრეშიც ვერ მოუგო „ბებერმა ქალბატონმა“ „ჯენოას“ – 1:1.

ტურინელთა წაფორხილებით უმალ ისარგებლა „ნაპოლიმ“, რომელიც შინ „უდინეზეს“ საბოლოო ჯამში ადვილად გაუსწორდა. ნეაპოლელები თავიდანვე ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, მაგრამ უდინელებმა პირველივე ნახევარში აღმოფხვრეს სხვაობა. მიუხედავად ამისა, კლასმა და ძალამ თავისი გაიტანა, კარლო ანჩელოტის გუნდმა მოიგო (4:2) და „იუვენტუსთან“ ჩამორჩენა 15 ქულამდე შეამცირა.

სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია „ლაციოს“ ადვილი გამარჯვება „პარმასთან“ (4:1). „არწივები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან და ეს სამი ქულაც მნიშვნელოვანი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოიგო „ემპოლიმ“ („ფროზინონესთან“) და ერთი დღის წინ დაკარგული პოზიცია დაიბრუნა - გასავარდნი ზონა დატოვა. ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო ტოსკანელთა განაცხადში არ ყოფილა.

ბერგამოში კი სენსაცია მოხდა. ევროსაგზურებისთვის მებრძოლმა „ატალანტამ“ პრაქტიკულად გავარდნილ „კიევოს“ შინ ვერაფერი დააკლო და ორი ქულა დაკარგა (1:1).

„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 სტურარო (72), 2:0 პანდევი (81)

„ატალანტა“ – „კიევო“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მეჯორინი (32), 1:1 ილიჩიჩი (55)

„ემპოლი“ – „ფროზინონე“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 კაპუტო (20), 2:0 პაიაჩი (38), 2:1 ვალძანია (70)

„ლაციო“ – „პარმა“ 4:1 (4:0)

გოლები: 1:0 მარუშიჩი (22), 2:0 ლუის ალბერტო (26, პენ), 3:0 ლუის ალბერტო (38), 4:0 ლულიჩი (44), 4:1 სპროკატი (77)

„ნაპოლი“ – „უდინეზე“ 4:2 (2:2)

გოლები: 1:0 იუნესი (17), 2:0 კალეხონი (17), 2:1 ლასანია (30), 2:2 ფოფანა (36), 3:2 მილიკი (57), 4:2 მერტენსი (69)

„მილანი“ – „ინტერი“ 2:3 (0:1)

გოლები: 0:1 ვესინო (3), 0:2 დე ვრეი (51), 1:2 ბაკაიოკო (57), 1:3 ლაუტარო მარტინესი (67, პენ), 2:3 მუსაკიო (71)

თეგებისერია A
Loading...
სტატისტიკა
0.249501