სანდრო მამუკელაშვილის ”სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის ბიგ ისთის ჩემპიონშიპის ფინალში ფავორიტად შერაცხულ “ვილანოვასთან” ბრძოლაში წააგო (72:74), ქართველ კალათბურთელს კი მორიგ ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.
“სეთონ ჰოლმა” ბოლომდე იბრძოლა და შეხვედრის ბოლო წამებზე გუნდის ლიდერ მაილს პაუელს სამქულიანი რომ ჩაეგდო, იგებდა კიდეც, ასე კი, “ვილანოვამ” ბოლო ხუთ სეზონში მე-4 ტიტული ირგუნა.
მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და თითქმის შეუცვლელად – 39 წუთს ითამაშა. სანდროს მონაგარი 7 ქულა, 14 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა იყო.
ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.