სხვა

13:27 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა დაუმარცხებელ იჩინოჯოს სძლია

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის შუალედურ დღეს (ნაკაბი) მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰარუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით შეხვდა და ტიტულის შესანარჩუნებლად უცილობლად დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება სჭირდება.
დღეს, ქართველი სეკიტორი გოლიათ მონღოლს – 227-კილოგრამიან იჩინოჯოს (დასავლეთის მე-4 მაეგაშირა) გაეჯიბრა და მეტოქეს, რომელსაც შვიდივე გასული ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა, იორიკირით დაჯაბნა.
გორგაძემ მისთვის ჩვეული ჩავლების დაფიქსირება მოახერხა, იჩინოჯოს მავაში ორივე ხელით იგდო და საბოლოოდ, მისი დოჰიოდან გაყვანა მოახერხა. საინტერესოა, რომ ლევანმა მონღოლთან 21-ე შერკინება ჩაატარა და უკვე მეთექვსმეტედ იმარჯვა.
ქართველ სუმოისტს 8 დღის თავზე 5 გამარჯვება მოუგროვდა, ხვალ კი, ძალებს დასავლეთის მე-3 მაეგაშირა შოდაისთან მოსინჯავს. ამ უკანასკნელს ოსაკაში რვავე შეხვედრა წაგებული აქვს, ჩვენებური კი მასთან ურთიერთშეხვედრებში 5:7 მარცხდება.
იჩინოჯოს მარცხის მერე, ჰარუ ბაშოს ერთადერთი წაუგებელ მონაწილედ იოკოძუნა ჰაკუჰო შემორჩა. მონღოლმა დიდმა ჩემპიონმა დღეს აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა ტოჩიოძანი კოტენაგეთი დაჯაბნა, ხვალ კი, აღმოსავლეთის კომუსუბი მიტაკეუმისთან ჭიდილი ელის.
რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში თანაბარ ბალანსზე (4 მოგება, 4 მარცხი) გასვლა შესძლო გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა, რომელიც საგაზაფხულო სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ირჯება, აღმოსავლეთისვე მე-6 რეიტინგოსან კიოკუშუჰოს ოშიდაშით აჯობა, ჩვენებურის მომდევნო მეტოქე კი აღმოსავლეთის მე-13 ნომერი ტაკანოშო იქნება. გაგამარუ მასთან ურთიერთშეხვედრებში 1:2-ს აგებს.

0.112104