ფეხბურთი

1:41 | 17.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი დაბრუნდა, „რეალმა“ მოიგო

...ისკომ გაიტანა, ბეილმა გაიტანა, ზიდანი იცინოდა... ყველას ის დრო გაახსენდა, როცა „სამეფო კლუბმა“ სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. თითქოს არც წასულაო. ტრიბუნაზე კი ქომაგებს დიდი ბანერი გაეშალათ, რომელზეც ეწერა „ფლორენტინო დამნაშავეა!“ კლუბის პრეზიდენტს შემოსწყრნენ, რატომ დაანებე ‘“ზიზუს“ ზაფხულში გუნდიდან წასვლაო. სტიუარდებმა ორჯერ სცადეს ბანერის მოხსნა, მაგრამ ამაოდ.

„რეალმა“ მთავარმწვრთნელად დაბრუნებული ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და კრიზისში მყოფ „სელტას“ უპრობლემოდ მოუგო 2:0, თუმცა სანახაობრივად, მატჩი ვერაფერი საცქერი გამოდგა.

მასპინძლები მოსალოდნელად, პირველი წუთიდანვე წავიდნენ იერიშებზე, მაგრამ მეტოქე ყოჩაღად იდგა. იმიტომაც იყო, თითქმის ერთი საათი რომ გაძლეს. პირველ ნახევაში ბეილს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბუთი ხარიხას მოარტყა. სტუმრებმა კი ორიოდ სახიფათო კონტრდარტყმა მიაყენეს მადრიდელებს. აქედან, ერთ ეპიზოდში, რეალელთა „ჩარჩოში“ დაბრუნებულ კეილორ ნავასს რომ არ გამოედო თავი, წასული იყო საქმე.

სხვათა შორის, ზიდანმა სასტარტოში არა მხოლოდ კოსტარიკელი კარის დარაჯი, არამედ ასევე მივიწყებული ისკო და მარსელო დააბრუნა. სწორედ ისკომ გახსნა ანგარიში. შემდეგ კი, მარსელოს პასით ბეილმა მეორე გაიტანა.

საშინელი კვირა გამოუვიდა მადრიდის მეორე კლუბს - „ატლეტიკოს.“ ჯერ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნენ ხმაურით, შაბათს კი თანაკლუბელ „ატლეტიკს“ ვერაფერი მოუხერხეს, 0:2 წააგეს და ახლა „სამეფო კლუბს“ ცხრილში ორი ქულითღა უსწრებენ.

დიეგო სიმეონემ მინდორზე ერთდროულად გაიყვანა გრიზმანი, მორატა და დიეგო კოშტა, თუმცა ტაქტიკური სქემა 4-4-2 არ შეუცვლია. მაგრამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა, შეტევაში სტუმრები სუსტად გამოიყურებოდნენ. ჟინიც აკლდათ. შესაძლოა, „იუვენტუსის“ აჩრდილისგან ჯერაც ვერ გათავისუფლებულიყვნენ. მასპინძლებმა კი ბოლოსკენ იყოჩაღეს. ჯერ ხიმენესი შეცდა უხეშად დაცვაში და ინიაკი უილიამსმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. მერე კი, შეცვლაზე შესულმა კოდრომ გამოიჩინა თავი. 2:0, რომლის შემდეგაც ბილბაოელებმა ცხრილში მეცხრე ადგილზე აინაცვლეს.

ესპანეთი

პრიმერა. 28-ე ტური. 16 მარტი

რეალი - სელტა 2:0

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ.“ 65 054

1:0 ისკო (62), 2:0 ბეილი (77)

რეალი: ნავასი, მარსელო, რამოსი, ვარანი, ოდრიოსოლა, ისკო (სებალიოსი 63), კროოსი, მოდრიჩი (ვალვერდე 77), ასენსიო, ბეილი, ბენზემა (დიასი 82)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

სელტა: რუბენი, ხუნკა (ჰუდტი 4), არაუხო, კოსტასი, ვასკესი, ლობოტკა, იოკუშლუ (ბელტრანი 75), ბუფალი (ჰიულსაგერი 75), მენდესი, სისტო, გომესი

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

მსაჯი: ხუან მუნერა

გაფრთხილება: ბეილი

ბილბაო - ატლეტიკო 2:0

ბილბაო. „სან მამესი.“ 39 659

1:0 უილიამსი (73), 2:0 კოდრო (85)

ბილბაო: ერერინი, ნუნიესი, ბერჩიჩე, იერაი, დე მარკოსი, სან ხოსე, გომესი (ლეკუე 90+1), დანი გარსია, რაულ გარსია (კოდრო 85), მუნიაინი (კორდობა 71), უილიამსი

მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

ატლეტიკო: ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი (კორეა 80), საული, როდრი, კოკე, ტომასი, გრიზმანი, მორატა, კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: ხაიმე ლატრე

გაფრთხილება: რაულ გარსია (37), სან ხოსე (77), იერაი (82); როდრი (45)

უესკა - ალავესი 1:3

0:1 კალიერი (11, პენ), 1:1 ავილა (14, პენ), 1:2 გვიდეტი (80), 1:3 კალიერი (86)

ლეგანესი -ჟირონა 0:2

0:1, 0:2 პორტუ (13, 22)

15 მარტი

სოსიედადი - ლევანტე 1:1

1:0 იანუზაი (26), 1:1 მაიორალი (79)

0.114923