ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ქართველი კალათბურთელის ყოფილ კლუბ “ჩემპვილს” 90:79 სძლია, ჩვენებურმა კი ლიბანის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა.
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში) და დაფარება მიითვალა. ნიკოლოზმა 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და არ დაჯარიმებულა.
შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
“ბეირუთი” 10 მოგება და 4 მარცხით მე-4 ადგილზე იმყოფება, თუმცა, ლიდერებს – ხსენებულ “ჩემპვილსა” და “ჰომენთმენს” მხოლოდ თითო გამარჯვებით ჩამორჩება.
ცქიტიშვილის გუნდს მომდევნო შეხვედრა 18 მარტს სწორედ “ჰომენთმენთან” ელის.