კალათბურთი

18:50 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

18 წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგსა და უნგრეთში მიემგზავრება

21 ივნისს, გამთენიისას, საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები, მთავარი მწვრთნელის მიხეილ ბერუაშვილის ხელმძღვანელობით ლუქსემბურგსა და უნგრეთში მიემგზავრება, სადაც ევროპის B დივიზიონის ჩემპიონატისთვის მზადების მიზნით 4 საკოტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან 2 ამხანაგურ მატჩს 21 და 23 ივნისს გამართავს. ამის შემდეგ ქართველი კალათბურთელები უნგრეთში გადაინაცვლებენ, სადაც ამ ქვეყნის თანატოლებს 24 და 26 ივნისს შეხვდებიან. ცენტრალური ევროპიდან დაბრუნების შემდეგ ბერუაშვილის შეგირდები ევროპის B დივიზიონის ჩემპიონატისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებენ, რის შემდეგაც მაკედონიის ქალაქ შტრუმიცეში გაემგზავრებიან, რომელიც აღნიშნულ ტურნირს 18-28 ივლისს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ B დივიზიონში მოასპარეზე 22 გუნდი 2 ხუთგუნდა და ამდენივე ექვსგუნდა ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველო ესტონეთის, გერმანიის, ავსტრიის, ჰოლანდიისა და ნორვეგიის გუნდებთან ერთად ექვსგუნდა B ჯგუფში მოხვდა. B დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი ელიტარულ A დივიზიონში აინაცვლებს. პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ორი საუკეთესო ადგილისთვის ბრძოლას თითოეული ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს, ხოლო დანარჩენები IX-XXII ადგილებისთვის იასპარეზებენ.

A დიზივიონის საგზურს B დივიზიონის I-II ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ.

20 ივნისს, საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა კალათბურთის აკადემიის დარბაზში ღია ვარჯიში ჩაატარა.

“მსოფლიო სპორტი” საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს ესაუბრა.

-    როდის დაიწყო ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება?

-    ევროპის B დივიზიონის ჩემპიონატისთვის მზადებას 2012 წლის ოქტომბრიდან შევუდექით. ვინც პერსპექტიულად ჩავთვალეთ, ყველა გამოვცადეთ. საბოლოოდ არჩევანი 17 კალათბურთელზე შევაჩერეთ. აქედან ბექა დარახველიძემ უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების გამო ნაკრებში თამაშზე უარ თქვა. დაგვრჩა 15 კალათბურთელი, სიადანაც ევროპის ჩემპიონატზე 12 გაემგზავრება.

-    ლუქსემბურგსა და უნგრეთში რამდენი კალათბურთელით მიემგზავრებით?

-    ტრავმის გამო არ იქნება კახა ტომარაძე. რაც შეეხება საბა ჯაყელს, მას მე მივეცი დასვენების უფლება. ამიტომ ლუქსემბურგსა და უნგრეთში 14 კალათბურთელით მივემგზავრებით.

-    ტომარაძეს და ჯაყელს თუ დარჩათ 12 საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვედრის შანსი?

-    ტომარაძის ტრავმა სერიოზული არაა და იმედია, მოასწრებს ევროპის ჩემპიონატამდე გამოჯანმრთელებას. თექვსმეტივე კალათბურთელს აქვს 12 საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვედრის შანსი, რომელთა ვინაობა ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ გახდება ცნობილი.

-    საკონტროლო მატჩების დროს ძირითადად რაზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

-    ძირითად აქცენტს დაცვაში თამაშზე გავაკეთებთ. რამდენიმე კომბინაცია გვაქვს დამუშავებული და გვინდა გამოვცადოთ.

-    ჩვენს ჯგუფში რომელ გუნდს თვლით უშუალო კონკურენტად?

-    ასაკობრივი ნაკრები გუნდები ყოველწლიურად იცვლებიან და აღნიშნულიდან გამომდინარე, ძნელია მოწინააღმდეგე სრულფასოვნად შეაფასო. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის თავს არ დავზოგავთ.

-    დარახველიძის გარდა ჩვენი ნაკრებიდან უმაღლესში სწავლის გაგრძელებას არავინ აპირებს?

-    რა თქმა უნდა, აპირებენ. საქართველოში იმ დღეს (27 ივნისი) ვბრუნდებით, როცა უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდები იწყება. თხოვნით მივმართეთ განათლების სამინისტროს, რათა ჩვენი ნაკრების წევრობის კანდიდატებისთვის პირველი გამოცდის ჩატარების დრო ერთი დღით გადაეწიათ. მადლობა განათლების სამინისტროს, რომელმაც გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და ნაკრების წევრობის კანდიდატებისთვის პირველი გამოცდა 27-ის ნაცვლად 28-ში დანიშნა.

-    18 წლამდელთა ნაკრების პარალელურად თქვენ სუპერლიგის მონაწილე “რუსთავის” მთავარი მწვრთნელიც ბრძანდებით. ქვემოქართლელთა სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით?

-    “რუსთავში” ამჟამად არავინ ირიცხება, რადგან ყველა კალათბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გვქონდა გაფორმებული, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დასრულდა. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია - “რუსთავი”, როგორც ყოველთვის, ეროვნულ ჩემპიონატში აუცილებლად ითამაშებს. თუ როგორი სიძლიერის იქნება, ამას ამჟამად ნამდვილად ვერ გეტყვით.

საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგსა და უნგრეთში შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:

უკანა ხაზი: გიორგი დვალი (“რუსთავი”), ლუკა ზაქრაძე (“ჰიუნდაი”), თორნიკე ქიტოშვილი (“რუსთავი”)

უკანახაზელი ფორვარდი: ერეკლე ლორთქიფანიძე (“რუსთავი”), ლევან მასხულია (“აკადემია”)

ფორვარდი: ნიკა ღურწკაია (“კარიბიანი”, ესპანეთი), დიმიტრი ბობილევი (“შსს აკადემია”), სანდრო სანაძე (“ჰიუნდაი”), ალექსანდრე ბოლქვაძე (“ჰიუნდაი”), მიხეილ ძაღიშვილი (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი)

ფორვარდი, ცენტრი: უჩა გამრეკლიძე (“ქუთაისი”)

ცენტრი: მაიზერ რევაზაშვილი (“მაკაბი”), შოთა ნარჩომაშვილი (“რუსთავი”), არჩილ პულუზაშვილი (“შსს აკადემია”)

მთავარი მწვრთნელი: მიხეილ ბერუაშვილი

ასისტენტი: ზაზა გაბისონია

ასისტენტი: დიმიტრი ჟაკობოვი

მენეჯერი: გიორგი ბუცხრიკიძე

ექიმი: ზურა ჯანიკაშვილი


0.181209