საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ამაღამ პოლონეთში გაემგზავრება, სადაც ბოლო დროს ტრადიციულ, FIRA AER-ის ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
პირველი და მეორე დონის სარაგბო ქვეყნების ნაკრებების დაახლოება FIRA-მ ახალგაზრდული ნაკრებებით დაიწყო და აგერ უკვე რამდენიმე წელია ექვსი ერის წარმომადგენლებთან ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა მეორე დონის შესარჩევი ეტაპის ორ გამარჯვებულს ეძლევა. “უმცროსი ბორჯღალოსნები” მუდამ წარმატებით გადიოდნენ შესარჩევ ეტაპს, ბოლო ორი წელია იტალიელ თანატოლებს ამარცხებდნენ და მეექვსე ადგილს იკავებდნენ.
მართალია FIRA იტალიას ვერ შეელია, მაგრამ ტურნირზე პირდაპირ დაშვებულთა რაოდენობა 7-მდე გაზარდა და რა თქმა უნდა, ეს მეშვიდე გუნდი საქართველოს ნაკრებია, რომელის დამსახურებაც ამ ბოლო ორ წელიწადში მხოლოდ იტალიელთა დამარცხება სულაც არ იყო. შარშანწინ მათ დასკვნით მატჩში შოტლანდიას გაუმართეს დიდი ბრძოლა, ხოლო შარშან მეოთხედფინალში ირლანდიას ეომნენ და მხოლოდ 4 ქულის სხვაობით დამარცხდნენ (27:31). ამრიგად, შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ ერთი საგზური გათამაშდა და ის შარშანდელის მსგვასად პორტუგალიამ მოიპოვა.
მოკლედ, “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ევროპისგან დიდი პატივისცემა დაიმსახურეს და ახლა ამ პატივისცემას შენარჩუნება და განმტკიცება უნდა. მზადების ეგიდით, უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართული მატჩების გარდა, საქართველოს ნაკრები პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებსაც ეთამაშა, ბოლოს კი, თბილისს ფრანგული სარაგბო კლუბ “კლერმონის” 18-წლამდელთა გუნდი ეწვია და ერთობლივი ვარჯიშის შემდეგ, მათთან გამართული სრულფასოვანი სპარინგი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა - 22:17.
პოლონეთის ქალაქ პოზნანში, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქე შარშანდელის მსგავსად ირლანდია იქნება. თამაში 11 აპრილს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები თასის ნახევარფინალში საფრანგეთი-იტალიას შორის მოგებულ გუნდს შეხვდება. ნახევარფინალები 15 აპრილსაა დანიშნული და ირლანდიასთან მარცხის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მე-5-ე ადგილისთვის ნახევარფინალში ზემოთნახსენებ წყვილს შორის დამარცხებულს შეხვდება. დასკვნითი მატჩები 19 აპრილსაა დანიშნული და იქ ქართველთა მეტოქე ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა.
ტურნირის ორგანიზატორების ინჯფორმაციის თანახმად, მატჩების ტრანსლირება სტრიმინგის საშუალებით FIRA AER-ის Dailymotion გვერდზე იწარმოებს - Dailymotion.com/FIRA-AER.
დავით ჩავლეიშვილი (18 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საფუძვლიანი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და საბედნიეროდ, ტურნირზე გამგზავრების წინ ტრავმებიც არ გვაწუხებს. კმაყოფილი ვარ ბიჭების ფიზიკური მდგომარეობითაც.
დღემდე ორი შეკრება გავიარეთ. რამდენიმე თვის წინათ ორი სპარინგი ვითამაშეთ უკრაინელ 20-წლამდელებთან. ორივე შეხვედრა ძალზედ სასარგებლო იყო, რადგან მაშინ ამ შემადგენლობამ ერთად პირველად ითამაშა. უკანასკნელ შეკრებაზე უმნიშვნელოვანესი სპარინგები გავმართეთ “კლერმონის” 18-წლამდელებთან. ამ შეხვედრით გუნდი უფრო შეთამაშდა და გამოიკვეთა ძლიერი თუ სუსტი მხარეები. დარჩენილი დრო ხარვეზების გამოსწორებას დავუთმეთ.
პოლონეთში პირველი შეხვედრა ირლანდიის 18-წლამდელებთან გვაქვს. შარშანდელის მსგავსად, ირლანდიას საკმაოდ ძლიერი გუნდი ყავს. ვეცდებით მათ შერკინების და ხაზის დაბალანსებული თამაში დავუპირისპიროთ. “კლერმონის” ტესტზე გამოჩნდა, რომ მეორე და მესამე ხაზში მოძრავი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც დიდ პრობლემებს შეუქმნიან მოწინააღმდეგეს და უკანა ხაზს მნიშვნელოვნად დაეხმარებიან”.
18-წლამდელები 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე: კოტე ახობაძე (აკადემია), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), ოთარ გიორგაძე (აია), ლუკა გოგინავა (ლოკომოტივი), ბესო გოგოლაძე (თიბისი), მიხეილ გორგასლიძე (აია), ბექა გორგაძე (ხარები), კახა ელბაქიძე (თიბისი), თორნიკე ზოიძე (აკადემია), სანდრო ილურიძე (აკადემია), გიორგი კოშაძე (ხარები), დავით ლობჟანიძე (არმაზი), ვასო ლობჟანიძე (არმაზი), შაქრო ლომსიანიძე (აია), ლაშა მამუჩარაშვილი (ლოკომოტივი), თორნიკე მანაგაძე (აია), ვანო მარგალიტაძე (თიბისი), გიორგი მელაძე (ყოჩები), ნიკა ნეფარიძე (ლოკომოტივი), ბექა ნონიაშვილი (ხულიგანა), ლაშა საჯაია (ჯიქები), ირაკლი სვანიძე (ჯიქები), ლაშა ტაბიძე (არმაზი), გიორგი ხუროშვილი (არმაზი), თორნიკე ხურცილავა (არმაზი), გიორგი ჯავახია (აია).
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელები: მამუკა ტყეშელაშვილი, ლევან შარაშიძე
ფიზ-მომზადების მწვრთნელი: გიორგი ნადარეიშვილი
მენეჯერი: პაატა მაისურაძე
2014 წლის ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე მორაგბეებს შორის
პოლონეთი. პოზნანი. 11-19 აპრილი
მეოთხედფინალები. 11 აპრილი
ინგლისი - პორტუგალია
საფრანგეთი - იტალია
ირლანდია - საქართველო
შოტლანდია - უელსი
ნახევარფინალები. 15 აპრილი