ძიუდო

18:00 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნინიაშვილის ბრინჯაო რუსულ გრანდ სლემზე

20 წლის ქართველი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ნინიაშვილი მე-3 ადგილისთვის შერკინებაში იაპონელ ტარო ფუჯისაკას გაეჯიბრა და ჩინებულ სტილში იმარჯვა: მეტოქე ჯერ ვაზარიზე დააგდო, შემდეგ კი, იპონიც განახორციელა.
ბაგრატმა ტურნირის პირველი წრე გამოტოვა, მეორეში რუსი არამ გრიგორიანი იპონზე დასცა, მერე ფრანგ დანიელ ჟეანს ვაზარით სძლია, ნახევარფინალში კი, დიდი ბრძოლა გადაიტანა და რუს ისა ისაევთან დამატებით დროში მე-3 შიდო მიიღო.
სამწუხაროდ, უმედლოდ დარჩა ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), რომელმაც ბრინჯაოს დაპირისპირება ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან დათმო. ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქის შეტევებს ვერ გაუძლო და დამატებით დროში ვაზარიზე დაეცა.
ჩხვიმიანმა საწყის რაუნდებში ტაჯიკ დალერ ქურბონჯონოვსა და ბრაზილიელ ფელიპე პელიმს, შესაბამისად, იპონითა და ვაზარით აჯობა, მეოთხედფინალში კი, რუს ისლამ იაშუევთან 3 შიდო მიიღო. ლუხუმმა რეპეშაჟში კიდევ ერთ მასპინძელ სახავატ გაჯიევს 3 გაფრთხილება უკვე თავად “აჰკიდა”.
ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ხვალ მედლები ვაჟთა კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ლაშა შავდათუაშვილი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის წრეში რუს ევგენი პროკოპჩუკს შეერკინება, ვალერი იაშვილი კი კიდევ ერთ მასპინძელ გეორგი ელბაკიევს გაეჯიბრება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში მძიმე წილისყრა შეხვდა ტატო გრიგალაშვილს, რომელიც ბრძოლაში პირდაპირ მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, თუმცა, იქ მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი და გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი – იაპონელი ტაკანორი ნაგასე ელის. ამავე წონაში ლუკა მაისურაძე შეჯიბრში მოლდოველ კატალინ მარიანთან ჭიდილით ჩაებმება.

0.113444