კალათბურთი

17:40 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძეს მორიგი გამოცდა ბასკეთში ელის

დღეს, გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ევროლიგის რეგულარული სეზონის 26-ე ტურის მატჩს ჩაატარებს. პოდგორიცელები ესპანეთში არიან ჩასულნი და ადგილობრივ “ბასკონიას” ეთამაშებიან, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი იცავენ.

შეგახსენებთ, რომ შენგელია კვლავაც დაშავებულია და მოედანზე ვერ გავა. ბოლო მონაცემებით, კიდევ ექვსი კვირა მოუწევს იძულებითი უქმობა ჯენინგს, რომელმაც ასევე მძიმე ტრავმა მიიღო.

დიდი გამოცდა ელის ბითაძესაც, რომელსაც დაპირისპირება ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრ – ფრანგ ვინსენ პუარესთან მოუწევს.
კალათბურთელებს, რომლებიც მომავალი შეხვედრის პოსტერზე არიან გამოსახულნი, მიმდინარე სეზონში მსგავსი საშუალო მაჩვენებლები აქვთ: ბითაძე – 11.9 ქულა, 6.4 მოხსნა; პუარე – 11.3 ქულა, 7.5 მოხსნა.
საინტერესო იქნება ის წუთებიც, როდესაც გოგა ბასკონიელთა სათადარიგო ცენტრ – ესპანელ ილიმანე დიოპს (საშუალოდ 4.8 ქულა, 2.9 მოხსნა) დაუდგება.
შეგახსენებთ, რომ “ბუდუჩნოსტს” 25 ტურში მხოლოდ 6 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, “ბასკონია” კი 13 გამარჯვებით მეშვიდეა და პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
დღევანდელი შეხვედრა “ფერნანდო ბუესა არენაზე” თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაცია “სილკ უნივერსალზე” შედგება.

0.979404