წარმატებით დაიწყეს ბალტიის ლიგის გათამაშება ქართულმა გუნდებმა. მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით ლატვიაში, ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატში საასპარეზოდ 2 გუნდი – “ზაზას აკადემია” და “თბილისი ბასკეტ იბერი” გაემგზავრა, ხოლო ამავე ტურნირში საკუთარი სახსრებით მონაწილეობს ბალტიის ლიგის შარშანდელი გამარჯვებული – თბილისის "ჰიუნდაი”.
ბალტიის ლიგის 13-წლიანთა ჩემპიონატში მთლიანობაში 33 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2 ჯგუფშია განაწილებული. რეგულარულ ჩემპიონატში იმართება 3 წრე – ოქტომბერში, იანვარსა და მარტში. თითო წრეში თითო გუნდი 5 მატჩს თამაშობს. მიმდინარე, 2018-2019 წლების სეზონში 2 წრე უკვე გაიმართა, რომლის განმავლობაშიც ქართულმა კლუბებმა თანაბარი შედეგები დააფიქსირეს. “ზაზამაც”, “ბასკეტ იბერმაც” და “ჰიუნდაიმაც” 10 შეხვედრიდან 8 მოიგეს.
გუშინ დაიწყო მესამე წრე და 3 ქართული კლუბიდან ორმა ითამაშა. “ჰიუნდაიმ” ძალიან დაძაბულ მატჩში, დამატებით დროში დაამარცხა რუსული “ადმირალსკაია”. მატჩის ძირითადმა დრო გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 46:46. დამატებით დროში ჰიუნდაელებმა მეტოქე მშრალად – 4:0 დაამარცხეს და საბოლოოდ, 50:46 გაიმარჯვეს.
ჰიუნდაელებს 22 ქულითა და 9 მოხსნით ლუკა ისაკაძემ ულიდერა. 12 ქულა დააგროვა იოსებ გუგუციძემ (სრული სტატისტიკა: 50:46).
ზაზას აკადემიის გუნდის მეტოქეც რუსული კლუბი – "სანკტ პეტერბურგი" გახლდათ, რომელსაც ქართველებმა 55:49 სძლიეს. “ზაზაში” 9 ქულით ლუკა კოტლიარევსი გამოირჩა (სრული სტატისტიკა: 55:49).
“თბილისი ბასკეტ იბერის” გუშინ არ უთამაშია. ბალტიის ლიგის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 წრე 17 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესოთა შორის მოხვედრის შემთხვევაში, რისი ალბთობაც ძალიან დიდია, ქართული გუნდები პლეი ოფში გავლენ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
www.gbf.ge