საქართველოს ყინულის ჰოკეის ახლადშექმნილმა გუნდმა, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს რეფორმირებულ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში (EHL).
აღნიშნული საკითხი არაბთა გაერთიანებული საამიროების ყინულის ჰოკეის ლიგის პრეზიდენტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეს შორის შეხვედრაზე იქნა განხილული.
“არაბთა გაერთიანებული საამიროების ყინულის ჰოკეის ლიგის (Emirates Hockey League – EHL) პრეზიდენტი ვლადიმერ ბურდუნი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ყინულის ჰოკეის ახალი გუნდის შექმნის გეგმა, რომლის შემადგენლობაშიც ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბების საუკეთესო მოთამაშეები იქნებიან გაერთიანებულნი.
აღნიშნული ახალი კლუბი კი გაწევრიანდება და მონაწილეობას მიიღებს რეფორმირებულ არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში (EHL), სადაც საქართველოსა და საამიროების გუნდებთან ერთად ასევე იქნებიან სხვადასხვა ქვეყნების კლუბები.
იგეგმება, რომ ახალი ქართული კლუბის მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი როლანდ სვანიძე იქნება, რომელიც წლების განმავლობაში ეწეოდა სათამაშო და სამწვრთნელო საქმიანობას EHL-ში”, - აღნიშნულია საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.