სხვა

13:38 | 14.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ბრაზილიელს შანსი არ დაუტოვა

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირის მე-5 დღეს მე-3 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) დაიბრუნა.

ქართველი სეკიტორი, რომელიც ჰარუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-2 ოძეკის წოდებით შეხვდა, დღეს, ბრაზილიელ აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა კაისეის გაეჯიბრა და ძალიან დამაჯერებლად სძლია, ეს კი, მისი თვითრწმენისთვის მნიშვნელოვანი იყო.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი მარტის ბაშოს კადობანში შეხვდა და ოძეკის პრესტიჟული ტიტულის შესანარჩუნებლად უცილობლად კაჩი-კოშის დაფიქსირება მართებს, ამდენად, ჩვენებურისთვის ყველა მოგებას ოქროს ფასი აქვს.
როგორც აღვნიშნეთ, კაისეისთან ჭიდილმა ძველი ტოჩინოშინი გაგვახსენა. ქართველმა გოლიათმა ბრაზილიელთან სასურველი დგომა დააფიქსირა, მეტოქის მავაში ორივე ხელით დაიჭირა და იორიკირით მისი დოჰიოდან გაყვანა არ გასჭირვებია.
ხვალ, ლევანი ჰარუ ბაშოზე მე-6 ორთაბრძოლას ჩაატარებს, მისი მეტოქე კი აღმოსავლეთის პირველი კომუსუბი, გასული წლის ივლისის სუპერტურნირის ჩემპიონი მიტაკეუმი იქნება, რომელსაც ოსაკაში ჩვენებურის იდენტური ბალანსი გააჩნია. გასულ 9 შერკინებაში ტოჩინოშინს იაპონელი 6-ჯერ ჰყავს დამარცხებული.
ამასობაში, ოთხამდე დავიდა იმ სუმოისტთა რიცხვი, რომელთაც მარტის სუპერტურნირზე ყველა ორთაბრძოლა მოგებული აქვთ. დღეს, მიჯრით მე-5 მოგებები მიითვალეს იოკოძუნა ჰაკუჰომ, ოძეკი გოეიდომა და რიგითმა მაეგაშირებმა – იჩინოჯომა და კოტოშოგიკუმ.
სამწუხაროდ, ისევ უარყოფით ბალანსზე (მაკე-კოში) გავიდა თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში აღმოსავლეთის მე-8 ნომრის წოდებით ირჯება.
ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთისვე მე-9 რეიტინგოსან კიოკუტაისეისთან ჰიკიოტოშით წააგო, ხვალ კი, დასავლეთის მე-5 ნომერ დაიშომარუსთან ჭიდილი უწევს, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 4:2-ს უგებს.

0.116818