„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის შემდეგ (5:1), ჟუნალისტებს უთხრა, რომ ამაყობს თავისი გუნდით.
„პირველ ტაიმში შესანიშნავი ფეხბურთი ვითამაშეთ, მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. შესვენების შემდეგ ისინი რისკზე წავიდნენ და ერთი ბურთი გაქვითეს. ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ოდნავადაც არ შეიძლება მოდუნება. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ანგარიშს გაათანაბრებდნენ, მაგრამ „ბარსასთვის“ ყველაფერი სასიკეთოდ დამთავრდა. ვამაყობ ჩემი გუნდით.
ყველა შეშლილები ვართ ჩემპიონთა ლიგის გამო, ასევეა მესიც. მან დიდებული შეხვედრა ჩაატარა.“ - ციტირებს ვალვერდეს სიტყვებს Marca.