ფეხბურთი

4:10 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სიტიმ" ბეჭედი უნდა დაარტყას

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა. გარდა იმისა, რომ პირველი თამაში სტუმრად 3:2 აქვს მოგებული, ალბათ მერვედფინალისტებს შორის ყველაზე სუსტი მეტოქე ჰყავს - „შალკე“.

ძნელია გერმანელთა შანსზე ისაუბრა იმის ფონზე, რასაც ეს გუნდი ბოლო დროს აჩვენებს. „ხუმარები“ ბუნდესლიგაში გადარჩენისთვის იბრძვიან, თუმცა დომენიკო ტედესკო „ეტიჰადზე“ ბრძოლას გვპირდება.

პეპ გვარდიოლა დე ბრუინს, მენდის, ბრავოს, კომპანის, ფერნანდინიოსა და ოტამენდის ვერ დაიხმარს, ხოლო „შალკეს“ ფონს გასვლა კალიჯურის, ჰარიტის, მასკარელის, შოპფისა და უტის გარეშე მოუწევს.

ცნობისთვის, ევროთასების პლეი-ოფში ანგარიში 2:3 32-ჯერ დაფიქსირებულა და შემდეგ ეტაპზე 31-ჯერ (96.9%) პირველი მატჩის სტუმრად მომგები გუნდი გასულა, ხოლო საწყის შეხვედრაში შინ დამარცხებულმა გუნდმა ქამ-ბექი ერთადერთხელ მოახერხა.

პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი): „90 წუთში ასეთ ტურნირზე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. პირველ თამაშში გარკვეულწილად გაგვიმართა, რადგან 20-25 წუთი 10 კაცით ვითამაშეთ და მაშინ 1:2 ვაგებდით. გამარჯვების ზეწოლას არ ვგრძნობთ, უფრო კარგი სამუშაოს გამო. მეოთხედფინალში, ნახევარფინალში წარსულში დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. ეს არის ტურნირი, სადაც შეცდომა ძალიან ძვირად ფასობს. აქ ჩვეულებრივი თამაშები არაა, განსაკუთრებული მატჩებია. „შალკემ“ პირველ თამაში კარში ორჯერ დაარტყა და ორი გოლი გაიტანა, შეიძლებოდა 3:1 ან 4:1 მოგვეგო“.

დომენიკო ტედესკო („შალკეს“ მთავარი მწვრთნელი): „რა თქმა უნდა, ჩვენ აუტსაიდერები ვართ, მაგრამ მცირე შანსი ისევ გვაქვს, ამისთვის საჭიროა განსაკუთრებული დღეს იყოს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დამსახურებულად ვთამაშობთ. კარგად ვიცით ჩვენი სიტუაცია ბუნდესლიგაში, სახიფათოა. მიუხედავად ამის, მაინც გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გავაგრძელოთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, ლაპორტი, ზინჩენკო; ბერნარდო სილვა, გუნდოგანი, დავიდ სილვა; სტერლინგი, აგუერო, სანე

„შალკე“ (3-5-2): ფარმანი; სტამბული, სანე, ნასტასიჩი; მაკენი, კონოპლიანკა, რუდი, ოჩიპკა, ბენტალები; ემბოლო, ბურგშტალერი

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები აქამდე ოთხჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და „სიტიმ“ სამჯერ მოიგო. 2008-2009 წლების სეზონში გელზენკირხენში ინგლისელებმა 2:0 იმარჯვეს ბენჟანი მვარუარისა და სტეფენ აირლანდის გოლებით. ვინსენ კომპანიმ 90 წუთი ითამაშა და ერთადერთია ორივე გუნდიდან, რომელიც ახლაც გუნდში ირიცხება.

ინგლისურმა გუნდმა „შალკე“ 1969-1970 წლების სეზონში თასების თასიდან გამოთიშა, როდესაც გერმანიაში 0:1 წაგების შემდეგ შინ 5:1 მოიგო. ბოლო დაპირისპირება კი, სამი კვირის წინ შეგდა და ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა.

სტატისტიკა

„მანჩესტერ სიტი“

„სიტი“ მერვედფინალში 2013-2014 წლებიდან მოყოლებული უწყვეტად თამაშობს, თუმცა მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვა. 12 თვის წინ „ბაზელი“ სტუმრად 4:0 დაამარცხა, ხოლო შინ 1:2 წააგო.

შვეიცარიაში გამარჯვება მერვედფინალურ ეტაპზე სტუმარ გამართულ მატჩებში მხოლოდ მეორე გამოდგა ინგლისური გუნდისთვის. მანამდე, 2015-2016 წლების სეზონში კიევში, „დინამო“ 3:1 დაამარცხა.

ეს იქნება ზედიზედ მეორე მატჩი გერმანული გუნდისთვის „სიტის“ წინააღმდეგ. გვარდიოლას შეგირდებმა ბოლო ტურში „ჰოფენჰაიმი“ 2:1 დაამარცხეს (ამავე ანგარიშით მანამდე სტუმრადაც სძლიეს). ბოლო 6 თამაშში „სიტის“ ინგლისელებთან არ წაუგია (5 მოგება, 1 ფრე). ბოლოს „ბაიერნთან“ დამარცხდა 2014 წლის სექტემბერში (0:1).

„სიტიმ“ 1978-1979 წლების სეზონში „გლადბახთან“ უეფას თასზე წააგო, ხოლო 30 წლის შემდეგ „ჰამბურგთან“ იმავე ტურნირზე დამარცხდა.

„სიტის“ საუკეთესო შედეგი ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალია (2015-2016 წლების სეზონში).

ინგლისის ჩემპიონისთვის მიმდინარე სეზონი „ლიონთან“ საშინაო მარცხით (1:2) დაიწყო და ეს იყო ზედიზედ მესამე მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე. მაგრამ მას შემდეგ ექვსი მატჩიდან ოთხი მოიგო, მათ შორის, „შახტართან“ 6:0. ეს „სიტის“ ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩია უეფას ტურნირებში.

„ქალაქელებს“ საკუთარ მოედანზე გერმანული გუნდების წინააღმდეგ ბოლო ოთხი თამაში მოგებული აქვთ. 2014 წელს, „ბაიერნთან“ 1:3 მარცხი იყო ერთადერთი (7 მოგება, 2 ფრე).

პეპ გვარდიოლას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 12 მატჩიდან 6 მოიგო და 5-ჯერ წააგო.

„სიტიმ“ ყოველთვის მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი თამაში სტუმრად მოიგო. ბოლოს ასეთი შემთხვევა გასულ სეზონში იყო, როდესაც „ბაზელი“ ჯერ სტუმრად 4:0 დაამარცხა, ხოლო შინ 1:2 წააგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

„სიტი“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 0 წაგება

2008-2009 წლების სეზონი, უეფას თასის მერვედფინალი: „ოლბორგი“ (4:3)

2008-2009 წლების სეზონი, უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპი: „მიდტიულანდი“ (4:2)

„შალკე“

„შალკეს“ მერვედფინალში 2014-2015 წლების შემდეგ არ უთამაშია. მაშინ „ხუმარებმა“ „რეალს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ჯერ შინ წააგეს 0:2, მაგრამ სტუმრად 4:3 იმარჯვეს და მადრიდელები ანერვიულეს.

აქამდე „შალკეს“ ზედიზედ სამი წაგება აქვს მერვედფინალში. 2012-2013 წლების სეზონში „გალათასარაისთან“ წააგო ორი მატჩის ჯამში (3:4), ხოლო ერთი წლის მერე „რეალთან“ – 2:9. „სამეფო კლუბთან“ „მეშახტეებმა“ სტუმრად 1:6 წააგეს და ეს ყველაზე დიდი მარცხია მისთვის ევროპულ ასპარეზზე.

მთლიანობაში, „შალკეს“ მერვედფინალში ხუთჯერ უთამაშია და შემდეგ ეტაპზე ორჯერ გავიდა. 2007-2008 წლების სეზონში „პორტუ“ დაამარცხა პენალტების სერიაში, ხოლო 2010-2011 წლების სეზონში „ვალენსია“.

„შალკემ“ ჯგუფურ ეტაპზე 11 ქულა დააგროვა, მაგრამ მხოლოდ 4 მოიპოვა სტუმრად.

ევროთასებზე სტუმრად ბოლო 15 მატჩიდან „შალკემ“ მხოლოდ სამი თამაში წააგო (8 მოგება, 4 ფრე).

გერმანულ გუნდს ბოლო 6 თამაშში ინგლისური გუნდი არ დაუმარცხებია (2 ფრე, 4 წაგება). ბოლოს გელზენკირხენელებმა „არსენალი“ 2:0 დაამარცხეს (2012 წლის ოქტომბერში). 2014-2015 წლების სეზონში კი „ჩელსისთან“ შინ 0:5 წააგო და ევროპულ ასპარეზზე ყველა მძიმე მარცხი განიცადა („რეალთან“ 1:6 დარად).

ბოლოს „შალკემ“ ინგლისში 2014-2015 წლების სეზონში „ჩელსისთან“ ითამაშა და ფრეს დასჯერდა (1:1).

„შალკეს“ პლეი-ოფში ინგლისური გუნდების წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია - 1 მოგება, 1 წაგება. 2010-2011 წლების სეზონში ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ ადვილად წააგო (0:2, 1:4).

„შალკე“ შემდეგ ეტაპზე არასდროს გასულა, როდესაც პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე წააგო. ასეთი რამ 5-ჯერ მოხდა, ხოლო დასამახახსოვრებელი 2014-2015 წლების სეზონში „რეალთან“ დაპირისპირება იყო.

„შალკე“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება

2007-2008 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი: „პორტუ“ (4:1)

2003-2004 წლების სეზონი, უეფას თასის მეორე ეტაპი: „ბრონდბიუ“ (1:3)

1998-1999 წლების სეზონი, უეფას თასის პირველი ეტაპი: „სლავია“ (4:5)

1996-1997 წლების სეზონი, უეფას თასის ფინალი: „ინტერი“ (4:1)

გზაჯვარედინი

ლეროი სანე „შალკეს“ აკადემიაში 2005 წლიდან ირიცხებოდა და სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა „სიტიში“ 2016 წელს. ბუნდესლიგაში 2014 წლის აპრილიდან 2016 წლის მაისამდე 47 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

ნემანია ნასტასიჩს „სიტის“ მაისურით 2012 წლის სექტემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე 34 თამაში აქვს პრემიერლიგაში ჩატარებული და შემდეგ იჯარით „შალკეში“ გადავიდა.

სანემ გაუტანა „შალკეს“ მაისურით „ვოლფსბურგს“, რომლის რიგებში კევინ დე ბრუინი თამაშობდა.

სერხიო აგუერომ „ატლეტიკოს“ მაისურით ერთი გოლი გაუტანა „შალკეს“ 2008-2009 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

გერმანიაში უთამაშიათ:

კევინ დე ბრუინი („ვერდერი“ 2012-2013, „ვოლფსბურგი“ 2014-2015)

ილქაი გუნდოგანი („ბოხუმი“ 2008, „ნიურნბერგი“ 2009-2011, „დორტმუნდი“ 2011-2016)

ვინსენ კომპანი („ჰამბურგი“ 2006-2008)

ინგლისში უთამაშიათ:

ნაბილ ბენტალები („ტოტენჰემი“ 2013-2016)

ფრანკო დი სანტო („ჩელსი“ 2008-2009, „ბლექბერნი“ 2009-2010, „უიგანი“ 2010-2013)

ბენჟამინ სტამბული („ტოტენჰემი“ 2014-2015)

საშა რიტერი („ფულჰემი“ 2012-2014)

ომარ მასკარელი („დერბი“ (2014-2015)

გვიდო ბურგშტალერი („კარდიფი“ 2014)

ბოლო პერიოდი

„მანჩესტერ სიტი“

ვინსენი კომპანიმ „შალკესთან“ პირველ მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე 50-ედ ითამაშა.

ილქაი გუნდოგანისთვის კი, გელზენკირხენში ასევე 50-ე თამაში იყო, ოღონდ ევროტურნირების ეგიდით. ამიერიკ ლაპორტი კი იგივე ნიშნულს მომდევნო შეხვედრას მიაღწევს.

„სიტიმ“ ყველა ტურნირზე ბოლო 18 მატჩიდან 16 მოიგო. ამ პერიოდში გაიტანა 57 გოლი და გაუშვა მხოლოდ ცხრა. შაბათს კი, „უოტფორდი“ 3:1 დაამარცხა.

„სიტიმ“ 24 თებერვალს ინგლისის ლიგის თასი მოიგო მას შემდეგ, რაც ფინალში „ჩელსი“ პენალტების სერიით 4:3 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში პეპ გვარდიოლას გუნდმა 47 მატჩიდან 9 თამაშში 5 ან მეტი გოლი გაიტანა.

რაჰიმ სტერლინგმა შაბათს ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბოლო 6 თამაშში 6 გოლი დაგუროვდა.

სერხიო აგუერომ პრემიერლიგაში ჰეთ-თრიქები „არსენალთან“ და „ჩელსისთან“ შეასრულა თებერვალში.

„ჩელსისთან“ ჰეთ-თრიქი კუნისთვის პრემიერლიგაში მე-11 იყო და ალან შირერის სარეკორდო შედეგი გაიმეორა.

„შალკე“

„შალკეს“ ბოლო 6 თამაში არ მოუგია. 2019 წელს კი შემდეგნაირად თამაშობს: 2 მოგება, 2 ფრე, 6 წაგება. პარასკევს „ვერდერთან“ 2:4 დამარცხდა.

„ხუმარებმა“ ბოლო 4 თამაშში სამი ან მეტი გოლი გაუშვეს. 1964 წლის შემდეგ ასეთი ცუდი მაჩვენებელი არ ჰქონია.

ბუნდესლიგაში 25 ტურის შემდეგ „შალკეს“ 23 ქულა აქვს და 1982-1983 წლების სეზონში ჰქონდა ბოლოს ასეთი დაბალი მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ მაშინ გამარჯვებაზე 2 ქულა ენიჭებოდათ გუნდებს და „შალკე“ იმ სეზონში დაქვეითდა.

Loading...
სტატისტიკა
0.255191