სპორტული ცეკვებით დაკავებული ქართული წყვილი მარია კაზაკოვასა (17 წლის) და გიორგი რევიას (19) შემადგენლობით, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართული იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის გალა-საღამოზე სპეციალურად მომზადებული ქართული ცეკვით წარსდგა, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
ქართული ფოლკლორული კომპოზიციით, ფიგურული ციგურაობის ელემენტების ენით, ფორმისა და შინაარსის შეუცვლელად, ემოციურად შესრულებული საჩვენებელი ნომრით, წყვილმა შესძლო ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული ხიბლის წარმოჩენა.
შეგახსენებთ, რომ კაზაკოვა და რევია ტურნირზე წარმატებულად გამოვიდნენ. ქართველმა სპორტსმენებმა 31 წყვილს შორის მე-6 ადგილი დაიკავეს, ევროპული მასშტაბით, მხოლოდ სამ რუსულ დუეტს ჩამორჩნენ და მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის საქართველოს 2 საგზური მოუტანეს.