ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ, მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები, შეიძლება ითქვას, რომ შოკში ჩავარდნენ. მადრიდელთ მიმართ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი გულშემატკივრებიც კი ძალიან ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ ამსტერდამის "აიაქსი" მრისხანე მეტოქეს ნამდვილ საფეხბურთო გაკვეთილს ჩაუტარებდა და 1:4 ანგარიშით მართლაც რომ დიად გამარჯვებას მოიპოვებდა.
ფეხბურთი რაგბისაგან განსხვავებით ძნელად პროგნოზირებადი სპორტია და არავინ იცის დღეს რა სიურპროზს შემოგვთავაზებენ ამსტერდამელი ფეხბურთელები. ჰოლანდიის მრავალგზის ჩემპიონები მათი შთამბეჭდავი საფეხბურთო ისტორიის მიუხედავად, ბოლო წლებში ასე ახლოს არასოდეს ყოფილან ევროტურნირებზე წარმატებულ გამოსვლასთან და მათთვის ყველა მომდევნო თამაში ალბათ სტალინგრადის ბრძოლის ტოლფასი იქნება.
ნიდერლანდელ გულშემატკივრებს ნანატრი დღე დაუდგათ. მაშინ როდესაც, ბობოლა კლუბები ევროტურნირებიდან ერთმანეთის მიყოლებით ვარდებიან, მათი კლუბი თასის მეოთხედფინალში თამაშობს და უფრო წინ გასვლის არცთუ ცუდი შანსი გააჩნია. გარდა ამისა, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ, როგორც იქნა ამსტერდამშიც დაბრუნდა დიდი ფეხბურთი და ჰოლანდიელები როგორც ტრადიციების მოყვარულ ჭეშმარიტ ქომაგებს შეეფერებათ, მრავალი ვაების შემდეგ, წლების მანძილზე დაგროვილი ბოღმის ამოყრას ახლა აპირებენ.
უახლოესი წარსული "აიაქსისათვის" მართლაც რომ საშინლად წარუმატებელი იყო. ამსტერდამელებმა საკუთარ ჩემპიონატშიც კი წინა წლებში იმდენად ცუდად ითამაშეს, რომ რამდენჯერმე ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ სამეულშიც კი ვერ მოახერხეს დამკვიდრება და უეფას თასზე ასპარეზობით მიეცათ გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაციის საშუალება, სადაც ასევე ვერაფერს ახერხებდნენ. თუმცა, ჰოლადნიელთა ავი დროება როგორც ჩანს წარსულში რჩება და სანტიაგო სოლარის დამჟავებული სახე ამის უტყუარი დასტურია.
ნიდერლანდელთა უმთავრეს კლუბს ბოლო დროს მრავალი ფინანსური პრობლემაც გამოუჩნდა. “აიაქსის” აქციონერთა დიდი ნაწილს ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ ჰქონდათ იმის იმედი, რომ ჰოლანდიელები ევროტურნირებზე რაიმე ღირებულ შედეგს აჩვენებდნენ, თუმცა წელი წელს მისდევდა და შედეგი ჯიუტად არ ჩანდა. ამ ყველაფერს კი საბოლოოდ ისიც დაემატა, რომ როგორც უკვე ავღნიშნეთ, ლეგენდარული “აიაქსი” ჩემპიონთა ლიგის მიღმა რამდენჯერმე დარჩა, რამაც აქციონერების მოთმინების ფიალა საბოლოოდ აავსო და სულ იმუქრებოდნენ, რომ თუკი კლუბს კიდევ ერთი უსახური სეზონი ექნებოდა, აქციებს უმოკლეს დროში გაყიდიდნენ.
“აიაქსისთვის” "რეალთან" მატჩის წინ ერთ-ერთი მოტივატორი სწორედ ის გახლდათ, რომ საკუთარი კარგი თამაშით “ფულიანი ბიძებისთვის” გადაწყვეტილება გადაეფიქრებინათ. "სანტიაგო ბერნებეუზე" გამართული მატჩის შემდგომ, მსგავს ეჭვებს ალბათ უკვე ნაკლებად გამოთქვამენ. მთავარია ეს გამარჯვება რიგითი ლამაზი გაელვება არ იყოს...