27 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსში დაწყებულ მასტერსზე (საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარი) ერთეულთა თანრიგის სასტარტო მატჩს დღეს გვიან ღამით ჩაატარებს, მანამდე კი, ძალები წყვილთა შეჯიბრში სცადა.
ბოლო ტურნირებისგან განსხვავებით, ბასილაშვილი არა ავსტრალიელ მეტიუ ებდენს, არამედ ახალი ზელანდიის სახელით მოთამაშე კიდევ ერთ ჩოგბურთელ არტიომ სიტაკს შეუწყვილდა.
ჩვენთვის საინტერესო დუეტი საწყის რაუნდში ფინელი ჰენრი კონტინენისა და ავსტრალიელი ჯონ პეერსის მე-8 ნომრად განთესილ წყვილს გაეჯიბრა და 1:6, 4:6 დამარცხა.
შეგახსენებთ, რომ BNP PARIBAS OPEN-ის ერთეეულთა ბადის მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული, მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზე მყოფი პრაჯნეშ გუნესვარანი იქნება.
29 წლის ინდოელმა კვალიფიკაციაში ტაივანელ ჯეისონ ჯუნგსა და იტალიელ სალვატორე კარუზოს, შესაბამისად, 7:5, 6:4 და 6:2, 3:6, 6:2 სძლია, ძირითად ბადეში კი ფრანგ ბენუა პაირს 7:6 (7:5), 6:4 მოუგო.
ბასილაშვილი, რომელიც კლასიფიკაციაში მისთვის სარეკორდო მე-18 პოზიციაზეა, გუნესვარანს კარიერაში პირველად დაუპირისპირდება და თუკი იმარჯვა, 45 სარეიტინგო ქულასა და 48 775 დოლარს მიიღებს.
ქართულ-ინდური შერკინება მე-9 კორტზე მე-3 წყებაში გახლავთ დაგეგმილი და ფრანგი ჟილ სიმონისა და ტუნისელი მალეკ ჯაზირის მატჩის შემდეგ, თბილისის დროით დაახლოებით 02:00 საათიდან დაიწყება.