ძიუდო

21:52 | 8.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილის ბრინჯაო მარაკეშის გრან პრიზე

ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (60 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე გრან პრის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

პაპინაშვილმა საწყის წრეებში ყაზახი მაგჟან შამშადინი და ესპანელი იუსტო ნუნიეს როდრიგესი დააიპონა, მეოთხედფინალში მომავალ ფინალისტ – უკრაინელ არტიომ ლესიუკთან ვაზარით წააგო, რეპეშაჟში კი წმინდად აჯობა მაროკოელ ისამ ბასუსა და ბრიტანელ ეშლი მაკკენზის.
დღესვე ტატამზე გიორგი გუგულაშვილი და ნიკო ჭიკაიძეც (ორივე – 66 კგ.) გავიდნენ, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწიეს. გუგულაშვილმა პირველივე ორთაბრძოლა დათმო ყატარელ აიუბ ელიდრისისთან (დამატებით დროში ვაზარით), ჭიკაიძემ კი პოლონელ პატრიკ ვავრიჩეკს ასევე “გოლდენ სქორში” ვაზარით აჯობა, ხოლო შემდეგ სერბ სტრანია ბუნჩიჩთან იპონზე დაეცა.
შაბათს, 9 მარტს, საქმეში კიდევ ოთხ ჩვენებურს ვიხილავთ. 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას ალჟირელ ფეტჰი ნურინესთან გამართავს, ფრიდონ გიგანის მეტოქე კი შვეიცარიელი ტიმო ალემანი იქნება.
81 კგ-ში საერთაშორისო ასპარეზს უბრუნდება ნუგზარ ტატალაშვილი, რომელიც ძალებს მაროკოელ ზაიდ იასფთან მოსინჯავს, ხოლო ბექა დონღვანი ესპანელ ხოსე მარუა მენდოზა იზკუიეტას დაუპირისპირდება.
კვირას მედლები დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება, ქართველთაგან კი საქმეში მხოლოდ გიორგი პაპუნაშვილს (90 კგ.) ვიხილავთ. ის მე-2 წრეში შვეიცარიელ სირილ გროსკლაუსს გაეჯიბრება.

0.1189