კალათბურთი

23:30 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენი ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი “ხუვენტუტის” მაისურს “რეალთან” მატჩში მოირგებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი ესპანურ ლიგა ენდესას უბრუნდება და სეზონის ბოლომდე ბადალონას “ხუვენტუტში” ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის უკანახაზელმა სეზონი “იბეროსტარ ტენერიფეში” დაიწყო, სადაც 15 მატჩის ჩატარება მოასწრო და საშუალოდ 12.4 ქულას აგროვებდა. თადი მე-2 ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს, როდესაც “ბრეოგანთან” 26 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
მაკფადენი ტენერიფელებს 12 თებერვალს დაემშვიდობა და გაურკვევლობაშიც იყო, ახლა კი, უკეთესი გუნდი მონახა. “ხუვენტუტი” მიმდინარე სეზონში ჩინებულად ირჯება და 13 მოგებითა და 8 მარცხით გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” და “ვალენსიასთან” ერთად, მეოთხე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს, ამდენად, დიდი ალბათობით, პლეი-ოფში თამაში მოუწევს.
ბადალონელებს მომდევნო შეხვედრა 9 მარტს, შინ, მადრიდის “რეალთან” ელით და სავარაუდოა, რომ ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის დებიუტი სწორედ ამ თამაშში შედგება.

0.124831