სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგის (NCAA) ბიგ ისთის კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მარკეტს” 73:64 სძლია და სატურნირო ცხრილში მესამე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს.
“სეთონ ჰოლმა” პირველი ტაიმი 6 ქულით წააგო, მეორეში კი მეტოქეს ერთი მონაკვეთი 18:0 მოუგო და თამაში სათავისოდ დაასრულა.
კონკრეტულად მამუკელაშვილს წარმატებული მატჩი არ ჰქონია. ის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20 წუთში 1 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა თითო ორქულიანი და სამქულიანი ააცილა და პასივში 1 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.
შეხვედრის გმირი მაილს პაუელი გახდა, რომელმაც 34 ქულას 5 მოხსნა და 5 პასი წააამატა. “სეთონ ჰოლი” მომდევნო მატჩს 9 მარტს, ბიგ ისთის კონფერენციის ლიდერ “ვილანოვასთან” გამართავს.