ფეხბურთი

9:05 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერი: „ფანტასტიკაა. ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელი იყო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მოგების შემდეგ (3:1), ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამაყობს თავისი გუნდის მებრძოლი ხასიათით.

„ეს ფანტასტიკაა. გვჯეროდა ჩვენი ფეხბურთელების და ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელი იყო. გვინდოდა პირველებს გაგვეტანა, მაგრამ რას წარმოვიდგენდით თუ ეს ასე მალე მოხდებოდა (ლუკაკუმ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში. ჯამში კი დუბლი მიითვალა). ლუკაკუ? ექვსი გოლი სამ მატჩში. ის ახლა შესანიშნავ ფორმაშია.

რაშფორდმა კი დიდი ვაჟკაცობა გამოავლინა. 21 წლის ყმაწვილმა ბოლო წუთზე როგორი პენალტი გაიტანა.

სერ ალექს ფერგიუსონიც ძალიან ამაყია. ეს „მანჩესტერ იუნაიტედია.“ ჩვენ შეგვიძლია ეს გზა ბოლომდე გავიაროთ. მაგრამ ჯერ წილისყრას დაველოდოთ. ტურნირში ხომ უძლიერესი გუნდები რჩებიან.“ - ციტირებს ნორვეგიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ შინ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში 0:2 წაგების შემდეგ, „მანჩესტერმა“ პსჟ-ს პარიზში 3:1 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

0.115238