სოლომონ კვირკველია და გია გრიგალავა რუსეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებენ. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ყაზანში, „რუბინს“ ბენედიქტ ჰიოვედესის გოლით აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
„რკინიგზელთა“ შორის კვირკველიამ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია 90 წუთი თადარიგში დარჩა. აქვე ვთქვათ, რომ „ლოკომოტივმა“ „რუბინს“ ორი მატჩის ჯამში 2:0 აჯობა.
მეოთხედფინალური ბარიერი დაძლია გია გრიგალავას „არსენალმაც“, რომელიც შინ „ორენბურგს“ დაუზავდა (1:1), მაგრამ მანამდე სტუმრად 4:2 ჰქონდა მოგებული და ნახევარფინალში გავიდა.
დღევანდელ მატჩში კი „არსენალის“ რიგებში თავი გრიგალავამ გამოიჩინა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და 54-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა. სტანდარტული სიტუაციის შემდეგ თავით დასწრებაზე ჩინებულად ითამაშა და მეტოქის კარში ბურთი ზუსტად გადაგზავნა.
ცნობისთვის, ნახევარფინალური მატჩები 3 აპრილსა და 15 მაისს გაიმართება.