კალათბურთი

14:00 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ნაბიჯი ნახევარფინალისკენ

გიორგი შერმადინის “უნიკახამ” საკალათბურთო ევროთასის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მალაგელები ბერლინის “ალბას” ესტუმრნენ და მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა 91:90 მოუგეს, არადა, დიდი შესვენებისთვის მეტოქეს 19 ქულით (!) ჩამორჩებოდნენ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 16:45 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მატჩის გმირები ფრანგი მატიას ლესო და პოლონელი ადამ ვაჩინსკი გახდნენ. პირველმა 18 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, მეორის მონაგარი კი 17 ქულა გახლდათ.
მეოთხედფინალის მე-2 მატჩი 8 მარტს ესპანეთში გახლავთ დაგეგმილი და თუკი “უნიკახამ” შინაც იმარჯვა, ნახევარფინალის საგზურს მიიღებს, სადაც მეტოქედ ფრანგულ “ვილერბანსა” და გიორგის ყოფილ კლუბ – ესპანურ “მორაბანკ ანდორას” შორის მოგებული ელის. სასტარტო მატჩი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 79:75.

0.125997