ფეხბურთი

22:05 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სეგუნდადან ჩემპიონთა ლიგამდე

მადრიდის გარეუბნის გუნდი, რომელიც ესპანელის დედაქალაქის ცენტრიდან 13 კილომეტრითაა დაშორებული - „ხეტაფე“. პატარა კლუბს 2004 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ცოტა თუ იცნობდა, მაგრამ 2003-2004 წლების სეზონი სეგუნდა დივიზიონში ჩინებულად ითამაშა და ისტორიაში პირველად, ელიტარული პრიმერადივიზიონის საგზური მოიპოვა.

„ხეტაფემ“ იქედან მოყოლებული ზედიზედ 12 სეზონი მოახერხა პრიმერაში ადგილის შენარჩუნა და ხანდახან წარმატებებსაც აღწევდა. მაგალითად 2007 და 2008 წლებში სამეფო თასის ფინალს უწია, ხოლო 2009-2010 წლების სეზონში მისთვის დღემდე ისტორიულ შედეგსაც მიაღწია - მეექვსე ადგილი პრიმერაში!

მადრიდელებს ორჯერ უთამაშიათ ევროთასებზე. 2007-2008 წლების სეზონში მაშინდელ უეფას თასზე (ახლანდელი ევროპა ლიგა), სადაც საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტვენტეს“ აჯობა, ჯგუფში „ტოტენჰემის“, „ანდერლეხტის“, „ჰაპოელისა“ და „ოლბორგის“ ბარიერიც დაძლია და პლეი-ოფში გავიდა. „ხეტაფე“ იქაც ჩინებულად გამოვიდა და მიჯრით ორი რაუნდი გაიარა. თანაც, მასზე გაცილებით გამოცდილი ათენის აეკ და ლოსაბონის „ბენფიკა“ დაამარცხა. შედეგად, მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც თვით მიუნხენის „ბაიერნს“ გაუწია უდიდესი წინააღმდეგობა. პირველი შეხვედრა მიუნხენში ფრედ, 1:1 დასრულდა და საპასუხო მატჩი ესპანელთათვის იდეალურად მიმდინარეობდა. კოზმინ კონტრას 44-ე წუთზე გატანილი გოლით „ხეტაფე“ 89-ე წუთამდე იგებდა და შესაბამისად ნახევარფინალში გადიოდა. თუმცა, საფინალო სასტვენამდე 1 წუთით ადრე ფრანკ რიბერიმ გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა. მადრიდელებისთვის იქაც ყველაფერი იდეალურად დაიწყო. 91-ე და 93-ე წუთებზე კასკერომ და ბრაულიომ თავისი გუნდი 3:1 დააწინაურეს. „ხეტაფე“ პრაქტიკულად ნახევარფინალში და ისტორიულ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. მაგრამ ლუკა ტონიმ 115-ე წუთზე ჯერ ერთი გოლი გაქვითა, ხოლო 120-ე წუთზე დუბლი შეასრულა და პატარა „ხეტაფე“ ასე დრამატულად დარჩა უეფას თასის ნახევარფინალს მიღმა. „ბაიერნს“ მთელი თამაში უგებდა, ორჯერ წამები დააკლდა და საბოლოოდ, შინ გაშვებული მეტი გოლით გამოვარდა.

მეორედ ევროპულ ასპარეზზე ესპანურმა გუნდმა ძალები 2010-2011 წლების სეზონში მოსინჯა, თუმცა ამჯერად ნაკლებ წარმატებით. საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოელს“ კი აჯობა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა „ოდენსესთან“, „იანგ ბოიზთან“ და „შტუტგარტთან“ ჭიდილში.

მერე კი, 2015-2016 წლების სეზონში „ხეტაფე“ ესპანეთის მთავარ საფეხბურთო ლიგასაც დაემშვიდობა, დაიკავა რა, მე-19 ადგილი და სეგუნდაში დაქვეითდა.

2016 წლის 27 სექტემბერს ხუან ესნაიდერი გაათავისუფლეს და გუნდი ხოსე ბორდალასს ჩააბარეს. მისი მუშაობა „ხეტაფეში“ წარმატებით დღემდე მიმდინარეობს. „ხეტაფემ“ იმ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა, პლეი-ოფის ფინალში 24 ივნისს, „ტენერიფეს“ 3:1 მოუგო და ერთწლიანი პაუზის მერე ელიტაში დაბრუნდა. შარშან ბორდალასის შეგირდებმა პრიმერაში მერვე ადგილი დაიკავეს, თუმცა ეს არაფერია იმასთან, რასაც წელს აკეთებენ.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 26 ტური მიილია და „ხეტაფე“ ჩემპიონთა ლიგის ზონაშია! ამ გუნდის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სეზონის დასრულებამდე 12 ტურით ადრე ასე მაღალ საფეხურზე ყოფილიყო ლა ლიგაში. „ხეტაფეს“ 42 ქულა აქვს და უკნიდან ყველაზე მეტად „ალავესის“ სუნთქვას გრძნობს, მაგრამ ფაქტია, დიდებული შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს.

ბორდალასის გუნდის სიძლიერე დაცვის ხაზია. მეკარე დავიდ სორიას ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული (23) იან ობლაკისა და ნეტოს შემდეგ. საშინაო არენა „ალფონსო პერესზე“ მადრიდელებმა 12 შეხვედრაში 22 ქულა მოიპოვეს (36 შესაძლებლობიდან), მაგრამ სტუმრად მისი ნაჩვენები შედეგები გაცილებით დასაფასებელია.

14 თამაში, 4 მოგება, 8 ფრე (აქედან ხუთი 1:1) და მხოლოდ 2 წაგება (20 ქულა)! ეს ორივე წაგება მადრიდზე, პირველ ტურში „რეალთან“ და მერე „ატლეტიკოსთან“. საგულისხმოა, რომ „ხეტაფეზე“ უკეთესი შედეგი სტუმრად ჩატარებულ მატჩებში ამ დროისთვის მხოლოდ „ბარსელონას“ (30 ქულა), „რეალსა“ (23 ქულა) და „ატლეტიკოს“ აქვთ (21 ქულა).

გუნდის მთავარი მიზანი სეზონის წინ ელიტაში ადგილის შენარჩუნება იყო. ფაქტია, ეს მიზანი უკვე შესრულებულია და ახლა უკვე ოცნებაც შეიძლება. მადა ჭამაში მოდისო და „ხეტაფეც“ არაა გამონაკლისი - ჩემპიონთა ლიგის გზა ერთ ნაბიჯშია (უარეს შემთხვევაში ევროპა ლიგა).

ცნობისთვის, „ხეტაფეს“ წლიური ბრუნვა 58 მილიონს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი 39.2 მილიონ ევროს. შედარებისთვის, „ვალენსია“, რომელიც წელს თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე 171 მილიონი წლიური ბრუნვითა და 164.6 მილიონიანი ბიუჯეტით გამოირჩევა. ბარემ მისი კონკურენტების ფინანსური შესაძლებლობებიც ვახსენოთ: „სევილია“ (201/162.7), „ბეტისი“ (126/97.1) და მის მსგავდად სიურპრიზი „ალავესი“ (68/39.1).

„ხეტაფეს“ 34 გოლი აქვს გატანილი 26 ტურის შემდეგ. აქედან 26 თავდამსხმელებზე მოდის - ხაიმე მატა (11 გოლი), თითქმის 37 წლის ხორხე მოლინა (10) და ანხელი (5).

„ხეტაფე“ - გუნდი, რომელიც სეზონის წინ ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრობდა, ახლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ოცნებობს და ეს ოცნება ძალზე რეალურია. მადრიდი კი, შესაძლოა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სამი გუნდით წარსგდეს. აქამდე, ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირში ორზე მეტი გუნდით მხოლოდ ლონდონი ყოფილა წარმოდგენილი.

თეგებიხეტაფე
0.156345