სერბულ ნოვი სადში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღეს ხალიჩაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 5 წევრი გავიდა, რომელთაგან სამმა ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ირაკლი ძიმისტარიშვილმა (60 კგ.) მერვედფინალში ბელარუსი იჰარ დროზდი 8:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში შვედ არდიტ ფაზიჯიას 6:3 მოუგო, ფინალის საგზურისთვის კი თურქ ქერემ კამალს გაეჯიბრება.
ნახევარფინალამდე 2 გამარჯვება იზეიმა რამაზ ზოიძემაც (72 კგ.). ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ თურქ – ჩენგიზ არსლანს 7:5 სძლია, მეოთხედფინალში კი სომეხი ჰრანტ კალაჩიანი დაჯაბნა – 9:0. ზოიძის მომდევნო მეტოქე ნორვეგიელი ხუან სებასტიან ააკი იქნება.
დამაჯერებლად მიიწევს წინ გიორგი მელიაც (97 კგ.), რომელმაც გზიდან ბერძენი მიხაილ იოსიფიდისი (5:1) და უკრაინელი ვლადენ კოზლიუკი (8:4) ჩამოიცილა, ნახევარფინალში კი მის პირისპირ აზერბაიჯანელი არიფ ნიფტულაიევი დადგება.
იმისდა მიხედვით, როგორ წარიმართება ნახევარფინალური შეხვედრები, შესაძლოა, ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლის უფლება მიიღონ გიორგი კურტანიძემა (67 კგ.) და აივენგო რიკაძემ (82 კგ.).
კურტანიძემ სასტარტო შერკინებაში პოლონელ მატეუშ შევჩუკს 17:9 მოუგო, მეოთხედფინალში კი ვერაფერი გააწყო რუს ალენ მირზოიანთან – 0:8. თუკი ამ უკანასკნელმა ნახევარფინალში უკრაინელ არტურ პოლიტაევს აჯობა, ჩვენებური რეპეშაჟში გადაერთვება.
რიკაძე მერვედფინალში თურქ ჰასან ილდირიმთან 1:1-ზე ბოლო ქულის გამოისობით დამარცხდა. ქართველის მძლეველმა მეოთხედფინალშიც იმარჯვა და თუ ნახევარფინალში რუს ვააგ მარგარიანსაც გასცდა, აივენგო ბრინჯაოსთვის ბრძოლაზე გადაერთვება.
საღამოს სესია თბილისის დროით 20:15 საათზე აიღებს სტარტს, 21:00 საათიდან კი ევროპის ჩემპიონატზე პირველი მედლები გათამაშდება.
შეგახსენებთ, რომ კვარცხლბელზე ასვლის შანსი იმ ხუთივე ქართველ ფალავანს აქვს, რომლებიც ევროპირველობაში გუშინ ჩაებნენ. ფინალშო 4 ჩვენებურია: ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) რუმინელ ფლორინ ტიტას შეერკინება, ლევან ქავჟარაძე (63 კგ.) – სომეხ სლავიკ გალსტიანს, გურამ ხეცურიანი (87 კგ.) – რუს გაზი ხალილოვს, ხოლო ზვიად პატარიძე (130 კგ.) – რუმინელ ლენარდ ბერეის.
ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, ბექა მამუკაშვილი (77 კგ.) აზერბაიჯანელ ნასირ ჰასანოვს დაუპირისპირდება.