ფეხბურთი

2:05 | 5.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს: "რეალის" ბოლო შანსი რეაბილიტაციისთვის

ორკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა გვიბრუნდება. დღეს მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების ორი თამაში გაიმართება და შესაბამისად, საწყისი ორი მეოთხედფინალისტის ვინაობას შევიტყობთ.

ერთ-ერთი შეხვედრა მადრიდში, „რეალსა“ და „აიაქსს“ შორის გაიმართება. „სამეფო კლუბი“ ამ წყვილში ისედაც ფავორიტი იყო და ამსტერდამში გამარჯვებამ შანსი კიდევ უფრო გაუზარდა. თუმცა, „რეალს“ წარუმატებელი პერიოდი აქვს - ბოლო სამი საშინაო მატჩი წააგო! მათ შორის, უკანასკნელი ორი „ბარსელონასთან“, რაც რა თქმა უნდა, გუნდისთვის უდიდესი დარტყმა გამოდგა. თავის მხრივ „აიაქსი“ კარგ ხასიათზეა, მოსისხლე მტერი „ფეიენოორდი“ დაამარცხა და ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა.

დღევანდელ შეხვედრაში მადრიდელებს ტრავმირებული ლორენტე და დისკვალიფიცირებული სერხიო რამოსი ვერ დაეხმარებიან. ესპანელი კაპიტანი საერთოდაც, ორი მატჩითაა სანქცირებული და თუ „რეალი“ შემდეგ ეტაპზე გავა, პირველ მატჩსაც გამოტოვებს. ჰოლანდიური გრანდი კი ესპანეთის დედაქალაქში საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდა და 2003 წლის შემდეგ მეოთხედფინალში პირველად გასასვლელად ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს. ერთიცაა - ამისთვის საკუთარ თავზე გადახტომაც მოუწევს.

ცნობისთვის, ევროთასების პლეი-ოფში ანგარიში 1:2 აქამდე 100-ჯერ დაფიქსირებულა და 96-ჯერ შემდეგი ეტაპის საგზური პირველი მატჩში სტუმრად გამარჯვებულმა გუნდმა მოიპოვა.

სანტიაგო სოლარი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „გუნდს გამარჯვება ნამდვილად სურს და ეს ძალიან მომწონს. როგორც ყოველთვის გამარჯვებისთვის ვითამაშეთ. გუნდი კარგ ფორმაშია და დიდი გამოცდილება აქვს. რაც მთავარია, სიშვიდეა, იმის მიუხედავად რას ამბობს ხალხი. ჩვენ ვმუშაობთ, რა თქმა უნდა არ ვართ ბედნიერი, ბოლო წაგებებით, მაგრამ გვსურს კარგად ვითამაშოთ და ახლა ჩემპიონთა ლიგისთვის მზად ვართ. რამოსი? ის ჩვენი ლიდერია, მაგრამ ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება და ხარისხი მისი შეცვლისთვის“.

ერიკ ტენ ჰაგი („აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი): „ვიცით, რომ მათ ამ სეზონში ტიტულის მოგება სურთ და ჩემპიონთა ლიგა ყველაზე რეალურია. ალბათ, მოედანზე განსაკუთრებული მენტალიტეტით გამოვლენ, მაგრამ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. სამივე ფრონტზე ჯერ კიდევ ვიბრძვით. ჩვენი ფეხბურთელები ამბიციურები არიან. ჩვენ აქ გოლების გასატანად ვიმყოფებით და „აიაქსი“ ყველა თამაშში ცდილობს ინიციატივა თავად მოიპოვოს. რა თქმა უნდა, რამოსი დიდი დანაკლისია, როგორც ტაქტიკურ, ისე მენტალურ ასპექტში და მისი არყოფნა მეტოქეს ნამდვილად არ გააძლიერებს“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი, ვარანი, ნაჩო, რეგილონი; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, ბლინდი, დე ლიხტი, ტალიაფიკო; დე იონგი, ვან დე ბეკი, შონე; ნერეში, ტადიჩი, ზიეჩი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

„აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. გარდა ამისა, ამსტერდამელებს „რეალთან“ ბოლო 7 მატჩი წაგებული აქვთ, გაუშვეს 22 და გაიტანეს მხოლოდ 3 გოლი.

ამის საპირისპიროდ, „რეალი“ მერვედფინალში 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული (სწორედ ამ სეზონიდან ტარდება მერვედფინალური ეტაპი) თამაშობს. ხოლო ბოლო 9 სეზონია ამ ეტაპზე დაუმარცხებელია.

„რეალმა“ ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ბოლო 9 დაპირისპირება საპლეი-ოფო დონეზე მოგებული აქვს. „სამეფო კლუბი“ ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში ორი მატჩის ჯამში „იუვენტუსთან“ დამარცხდა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები უეფას ტურნირებში 13-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. „რეალმა“ 8 გამარჯვება მოიპოვა, „აიაქსმა“ ოთხი, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

პირველი დუელი 1967-1968 წლების სეზონში შედგა. პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე „რეალმა“ 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შემდეგი დაპირისპირება 1972-1973 წლების სეზონით თარიღდება და ჰოლანდიელებმა ორი თამაში მოიგეს (2:1 შინ და 1:0 სტუმრად). 1995-1996 წლების სეზონშიც „აიაქსი“ გამოვიდა გამარჯვებული. ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამულმა გუნდმა ორივე მატჩი მოუგო „სამეფო კლუბს“ (1:0 შინ და 2:0 სტუმრად).

აქედან მოყოლებული გამარჯვებას მხოლოდ „რეალი“ ახერხებს, ზედიზედ 7 მატჩი. 2010-2011, 2011-2012, 2012-2013 წლების სეზონებში და მიმდინარე სეზონის პირველ შეხვედრაში.

„რეალმა“ „აიაქსთან“ ბოლო სამ მატჩში 9 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

სტატისტიკა

„რეალი“

„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 23-ედ თამაშობს.

მადრიდელებს ეს ტურნირი 13-ჯერ აქვთ მოგებული, რაც რეკორდია. ნახევარფინალში კი ზედიზედ რვა სეზონის განმავლობაში ახერხებენ გასვლას.

„რეალს“ აქვს შანსი მეოთხედფინალში ზედიზედ მეცხრედ გავიდეს. მერვედფინალში კი მისი ბალანსი ასეთია: 9 მოგება, 6 წაგება. აღნიშნულ ეტაპზე მადრიდული გრანდი 2005-2010 წლებში ზედიზედ მარცხდებოდა. თუმცა, ბოლო რვა შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შარშან „რეალმა“ პსჟ შინ 3:1, ხოლო სტუმრად 2:1 დაამარცხა.

ეს იქნება „რეალის“ პირველი დაპირისპირება პლეი-ოფში ჰოლანდიური გუნდის წინააღმდეგ 1992-1993 წლების სეზონის შემდეგ. მაშინ კი, უეფას თასის მესამე ეტაპზე არნემის „ვიტესს“ დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხა (1:0, 1:0). საერთო ჯამში ჰოლანდიურ კლუბებთან პლეი-ოფის სტადიაზე დადებითი ბალანსი გააჩნია - 6 მოგება, 3 წაგება. ბოლოს, პსვ ეინდჰოვენთან დამარცხდა 1987-1988 წლების სეზონში (შინ 1:1, სტუმრად 0:0).

„რეალმა“ ჰოლანდიური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 5 თამაში საკუთარ მოედანზე მოიგო. ბოლოს, 1995 წელს სწორედ „აიაქსთან“ დამარცხდა. საერთო ბალანსი კი მადრიდში ასეთია: 10 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

მიმდინარე სეზონში „რეალმა“ შინ ცსკა-სთან 0:3 წააგო და ეს გუნდის ისტორიაში ევროტურნირებზე ყველაზე მძიმე საშინაო მარცხია.

„რეალმა“ ბოლო 40 მატჩიდან ევროსარბიელზე მხოლოდ 6 წააგო და 27 მოიგო.

„სამეფო კლუბს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლოს 45 საშინაო მატჩიდან 36 მოგებული აქვს და მხოლოდ სამჯერ დამარცხდა. „შალკესთან“, „იუვენტუსთან“ და ცსკა-სთან.

„რეალმა“ შემდეგ ეტაპზე გასვლა, როდესაც პირველი თამაში სტუმრად მოიგო 34 შემთხვევიდან ერთადერთხელ ვერ შეძლო. ბოლოს კი, „ბაიერნს“ შარშან აჯობა, როცა სტუმრად 2:1 დაამარცხა და მერე შინ დაუზავდა (2:2).

„რეალი“ პენალტების სერიაში: 2 მოგება, 2 წაგება

2015-2016, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „ატლეტიკო“ (5:3)

2011-2012, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი: „ბაიერნი“ (1:3)

1986-1987, ჩემპიონთა თასის მეორე ეტაპი: „იუვენტუსი“ (3:1)

1974-1975, თასების თასის მეოთხედფინალი: „ცრვენა ზვეზდა“ (5:6)

აიაქსი

„აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ერთადერთხელ უთამაშია - 2005-2006 წლების სეზონში მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ. ჰოლანდიაში შეხვედრა 2:2 დასრულდა, ხოლო მილანში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

ამსტერდამელები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბოლოს 2002-2003 წლების სეზონში იყვნენ, როდესაც „მილანთან“ ორი მატჩის ჯამში 2:3 წააგეს (0:0, 2:3).

„აიაქსს“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში ბოლო 7 თამაში არ მოუგია (2 ფრე, 5 წაგება). ბოლოს, 1996-1997 წლების სეზონში „ატლეტიკო“ ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.

თუ „ატლეტიკოსთან“ მეორე მატჩში (1997 წელს) დაფიქსირებულ შედეგს გავითვალისიწნებთ (1:1), გამოვა, რომ „აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ბოლო 6 თამაში არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება).

ჰოლანდიური გრანდი ესპანურ გუნდს (სანამ „რეალს“ შეხვდებოდა ამ სეზონში) ბოლოს 2016-2017 წლების სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა - ვიგოს „სელტას“. ესპანეთში მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო ჰოლანდიაში მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

„აიაქსმა“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ორის მოგება მოახერხა (1 ფრე, 12 წაგება).

„აიაქსი“ პლეი-ოფში მყოფი 16 გუნდიდან ერთადერთია, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო.

„აიაქსს“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ პლეი-ოფში კარგი ბალანსი აქვს: 7 შემდეგ ეტაპზე გასვლა და 2 გამოთიშვა. მათ შორის, 1999-2000 წლების სეზონში, უეფას თასის მესამე ეტაპზე „მალიორკასთან“ წაგება ორი მატჩის ჯამში 0:3 (0:1 შინ, 0:2 სტუმრად).

„აიაქსი“ ევროტურნირებზე 2018-2019 წლების სეზონში 12 თამაში დაუმარცხებელი იყო (7 მოგება, 5 ფრე). დადებითი სერია „რეალთან“ შეწყდა. ამსტერდამელებმა სტუმრად „შტურმი“ (3:1) და აეკ (2:0) დაამარცხეს, ხოლო ოთხჯერ ფრე ითამაშეს, მათ შორის, „ბენფიკასთან“ და „ბაიერნთან“.

„აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ორიდან ერთ-ერთი გუნდია, რომელმაც შინ წაგების მერე შემდეგ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა. 1995-1996 წლების სეზონში „პანათინაიკოსთან“ შინ 0:1 და სტუმრად 3:0.

დანარჩენი 12 შემთხვევიდან ჰოლანდიური გრანდი შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა, როცა პირველი თამაში შინ წააგო. მათ შორის, ორჯერ „იუვენტუსთან“ ერთნაირი ანგარიშით - 1:2. 1996-1997 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „აიაქსი“ „იუვესთან“ შინ 1:2, ხოლო მერე სტუმრად1:4 დამარცხდა. ამავე გუნდთან ევროპა ლიგის 1/16 ფინალში დამარცხდა 2009-2010 წლების სეზონში (შინ 1:2, სტუმრად 0:0).

„აიაქსი“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 5 წაგება

2012-2013, ევროპა ლიგის 1/16 ფინალი: „სტიაუა“ (2:4)

1995-1996, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „იუვენტუსი“ (2:4)

1995, ევროპა/სამხრეთ ამერიკის თასი: „გრემიო“ (4:3)

1984-1985, უეფას თასის მეორე ეტაპი: „ბოჰემიანსი“ (2:4)

1977-1978, თასების თასის მეოთხედფინალი: „იუვენტუსი“ (0:3)

1975, 1976, უეფას თასის მესამე ეტაპი: „ლევსკი“ (3:5)

გზაჯვარედინი

კლაას იან-ჰუნტელაარი „აიაქსიდან“ „რეალში“ 2009 წლის იანვარში გადავიდა. 20 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 თვის შემდეგ გუნდი დატოვა. ჰოლანდიელმა ფორვარდმა „შალკეს“ მაისურით ორი გოლი გაუტანა „რეალს“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“, როდესაც გერმანელებმა 4:3 მოიგეს.

ნიკოლას ტალიაფიკო 2012-2013 წლების სეზონში ესპანეთში, „რეალ მურსიას“ რიგებში იჯარით თამაშობდა.

ანდრე ონანა „ბარსელონას“ აკადემიაში ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არასდროს უთამაშია. 2015 წელს კი, „აიაქსს“ შეუერთდა.

ბოლო პერიოდი

„რეალი“

„რეალმა“ „აიაქსთან“ გამარჯვების შემდეგ სახლში სამი თამაში ჩაატარა და სამივე წააგო. მათ შორის, ბოლო ორი „ბარსელონასთან“.

„ბლანკოსი“ სამეფო თასის გათამაშებას ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ 0:3 წაგების შემდეგ გამოეთიშა (ორი მატჩის ჯამში 1:4).

„რეალმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე 6 თამაში წააგო და ეს ერთით მეტია, ვიდრე გასულ სეზონში.

კარიმ ბენზემამ ბოლო 11 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა. „რეალს“ ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ სამი მშრალი თამაში აქვს ჩატარებული. უკანასკნელი 7 მატჩიდან კი, კარი მშრალად საერთოდ ვერ შეინახა.

სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულია და ვერ ითამაშებს. მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 11 გოლი აქვს გატანილი და ეს მისი კარიერის რეკორდია.

„სამეფო კლუბმა“ დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ნახევარფინალში „კაშიმა“ 3:1, ხოლო ფინალში „ალ აინი“ 4:1 დაამარცხა.

გარეთ ბეილმა „კაშიმასთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით.

მარკოს ლორენტე 6 თებერვლის შემდეგ ლაზარეთში იყო.

ლუკა მოდრიჩმა 3 დეკემბერს, „ოქროს ბურთი“ მოიგო და პირველი ხორვატია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.

„აიაქსი“

„ზვოლესთან“ 2 მარტს გასამართი შეხვედრა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 13 მარტისთვის გადაიდო, რომ „აიაქსი“ „რეალთან“ მატჩისთვის მშვიდად მომზადებულიყო.

ამსტერდამელებმა „რეალთან“ წაგების მერე სამივე თამაში მოიგეს. 17 თებერვალს „ბრედა“ 5:0 გაანადგურეს, ხოლო „დენ ჰააგი“ – 5:1.

დუშან ტადიჩმა ერედივიზიონის ბოლო 9 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ყველა ტურნირის ჩათვლით უკანასკნელ 14 თამაშში 12-ჯერ გამოიჩინა თავი.

ჰაკიმ ზიეჩიმ ერედივიზიონის ბოლო 9 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

27 თებერვალს „აიაქსი“ ჰოლანდიის თასის ფინალში გავიდა მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში „ფეიენოორდი“ 3:0 დაამარცხა. ფინალში კი, რომელსაც როტერდამი უმასპინძლებს, 5 მაისს „ვილემ II”-ს შეხვდება.

„აიაქსს“ ერედივიზიონში ცუდი პერიოდი ჰქონდა. შინ „ჰერენვეენს“ დაუზავდა (4:4), რასაც „ფეიენოორდთან“ 2:6 განადგურება მოჰყვა. ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჰოლანდიის ჩემპიონატში 2013 წლის 22 სექტემბრის შემდეგ „აიაქსისთვის“ (პსვ-სთან 0:4).

ხსენებულ ორ მატჩში „აიაქსმა“ 10 გოლი გაუშვა. ორი გოლით უფრო მეტი, ვიდრე მანამდე 17 მატჩში მიიღო.

2 თებერვალს კი, „ვენლო“ 6:0 დაამარცხა. ამსტერდამელებს მიმდინარე სეზონში 6 ან მეტი გოლი ოთხ შეხვედრაში აქვთ გატანილი.

„ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ფრის შემდეგ (3:3) „აიაქსმა“ ერედივიზიონში „გრააფსხაპი“ 8:0 გაანადგურა და ეს იყო ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 2001 წლის 18 მარტის შემდეგ (როტერდამის „სპარტასთან“ 9:0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.184515