„დინამო თბილისმა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონი დამაჯერებლად დაიწყო. ფელის ვისენტეს გუნდმა სეზონში სასტარტო შეხვედრა „დინამო არენაზე“ საჩხერის „ჩიხურასთან“ ჩაატარა და შეიძლება ითქვას ცალი ფეხით მოიგო.
„დინამო“ მთელი თამაში აკონტროლებდა სიტუაციას და გამარჯვება ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია. მატჩის გმირი კი ლევან შენგელია გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა და პირადად მოუპოვა საკუთარ გუნდს საწყისი სამი ქულა.
ახალგაზრდა შემტევმა ანგარიში ტაიმის მიწურულს გახსნა, როცა გუჯა რუხაიას პასის შემდეგ ერთი შეხებით ეფექტური გოლი გაიტანა. მასპინძლებმა უპირატესობა მეორე ნახევარის დასწყისშივე გაზარდეს. თავი ისევ შენგელიამ გამოიჩინა, რომელმაც დამაგვირგვინებელ ფაზაში ისევ ჩინებულად ითამაშა და ამჯერად ლევან კუტალიას პასი შეირგო.
უნდა ითქვას ისიც, რომ „ჩიხურამ“ ტაიმზე მეტი კაცნაკლულმა გაატარა, რადგან 33-ე წუთზე დავით მაისაშვილი უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის სრული სიმკაცრით დაისაჯა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია.
მომდევნო ტურში „დინამო“ „სიონს“ ესტუმრება, ხოლო „ჩიხურა“ გორის „დილას“ დაუხვდება.
„დინამო“ (თბ) – „ჩიხურა“ 2:0 (1:0)
თბილისი, „დინამო არენა“
„დინამო“ (4-4-2): პერალესი; რუხაია, პაპავა, მონხილი, იაშვილი; შულაია (როხანო 61), ნინუა, კუხიანიძე (ივანისენია 57), შენგელია; კარბია, კუტალია (ზარია 72),
მწვრთნელი: ფელის ვისენტე
„ჩიხურა“ (4-4-2): ჰამზიჩი; ჩიტეიშვილი (მუმლაძე 57), მაისაშვილი, კაშია, მეგრელიშვილი; კორიფაძე, მამასახლისი, მარკოზაშვილი, სარდალიშვილი; ლექვთაძე (ჩიხლაძე 62), მახარობლიძე (დეკანოიძე 73)
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გოლები: 1:0 შენგელია (43), 2:0 შენგელია (47)
გაფრთხილება: შულაია (31), ზარია (81), ივანისენია (87) - ჩიტეიშვილი (16)
გაძევება: მაისაშვილი (33)
მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია