ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოა ბასკეტმა” ესპანეთის ლიგა ენდესაში მორიგი დასანანი მატჩი წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი შინაურ კედლებში “ვალენსიას” დაუხვდა და ბოლო წამებზე 66:67 დამარცხდა.
საინტერესოა, რომ “გიპუსკოა ბასკეტს” მიმდინარე სეზონში 3 მატჩი ოვერტაიმში აქვს წაგებული, რამდენიმე თამაშში კი მოგება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ 21 ტურში მხოლოდ 4 გამარჯვებით ბოლო ადგილზე იმყოფება.
გასულ თამაშში ბურჯანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:41 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა (1 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი აააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და მის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“გიპუზკოა ბასკეტს” მომდევნო შეხვედრა 10 მარტს ელის, როდესაც გიორგი შერმადინის “უნიკახას” გაეჯიბრება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ დღეს მალაგელებს თორნიკე შენგელიას “ბასკონიასთან” დაპირისპირება ელით.