ფეხბურთი

16:10 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" ზაფხულში კვირკველიას გაყიდვას აპირებს

მოსკოვის „ლოკომოტივი“ სოლომო კვირკველიას გაყიდვას აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას Sport-express-ი ავრცელებს. როგორც ავტორიტეტული რუსული გამოცემა წერს, „რკინიგზელები“ ზაფხულში კვირკველიას ევროპულ კლუბში გაასხვისებენ.

მასთან ერთად ხორვატ ვედრან ჩორლუკასაც შეელევიან, რომელიც ბოლო დროს ხშირად ტრავმირებულია და მაღალი ანაზღაურება აქვს. აღსანიშნავია, რომ კვირკველიას შემცვლელად გიორგი ჯიქიას სახელდება, რომელიც 2017 წლიდან „სპარტაკის“ ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, კვირკველია „ლოკომოტივში“ 2017 წლის იანვარში ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. რუსული გამოცემა არ აკონკრეტებს გუნდის სახელს, სადაც ქართველი მცველი შეიძლება გადავიდეს.

ისე კი, ცნობილია, რომ ჩვენებურს გასულ ზაფხულს „ლესტერ სიტი“ იწვევდა. 27 წლის კვირკველიას „ლოკომოტივში“ 56 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო თითოჯერ რუსეთის ჩემპიონატი და რუსეთის თასი მოიგო.

0.116351