ფეხბურთი

3:22 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

სპექტაკლი იტალიის თასზე (+VIDEO)

მიმდინარე სეზონში „ფიორენტინაც“ და „ატალანტაც“ შემტევ ფეხბურთს თამაშობენ. აი, ისეთს, რომ იტყვიან იტალიელებისთვის არადამახასიათებელიაო.

ამიტომ, იტალიის თასის ნახევარფინალში ფლორენციელებისა და ბერგამოელების შეხვედრაში ფეერიული, მხიარული თამაში მოსალოდნელიც იყო. ასეც მოხდა, 6 გოლი გავიდა და ერთმანეთზე უკეთესები. იყო სხვა საგოლე შანსებიც. მოკლედ, „არტემიო ფრანკიზე“ ნამდვილი შოუ ვიხილეთ.

„ატალანტასთვის“ სტუმრად 3:3 ძალზე დადებითი შედეგი უნდა იყოს და ფინალთან ახლოსაცაა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობას თუ გავითვალისწინებთ, მთლად ასეც ვერ ვიტყვით. ბერგამოელები უკვე მე-18 წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. ჯერ იოსიპ ილიჩიჩმა ითამაშა შესაშურად და პაპუ გომესი მეკარეს პირისპირ შეატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მერე სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა მარიო პაშალიჩმა დაიწყო და მანვე დაასრულა - 0:2.

თუმცა, ლომბარდიელებმა უპირატესობა ანტრაქტამდეც ვერ შეინარჩუნეს. „ფიორენტინამ“ თამაშში დაბრუნება შეძლო, ფედერიკო კიეზამ და მარკო ბენასიმ გაათანაბრეს და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მარტენ დე რუნმა მასპინძელთა კარის ბადე ლამის გახვრიტა და „ატალანტა“ კიდევ ერთხელ დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, კიეზამ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა, რასაც ლუის მურიელის გოლი მოჰყვა - 3:3.

შედეგად ამ წყვილი ყველაფერი ღიაა. აქვე შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალური შეხვედრა „ლაციოსა“ და „მილანს“ შორის უგოლოდ დასრულდა, ხოლო საპასუხო მატჩები 24 აპრილს გაიმართება.

„ფიორენტინა“ – „ატალანტა“ 3:3 (2:2)

ფლორენცია, „არტემიო ფრანკი“

„ფიორენტინა“ (4-3-3): ლაფონი; მილენკოვიჩი, ჩეკერინი (ლაურინი 80), ვიტორ უგო, ბირაგი; დაბო (სიმეონე 76), ვერეტუ, ბენასი; ჟერსონი (ფერნანდესი 52), მურიელი, კიეზა

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

„ატალანტა“ (3-4-1-2): ბერიშა; ტოლოი, პალომინო, მანჩინი; ჰატებური, დე რუნი, პაშალიჩი, კასტანე; გომესი (ბაროუ 87); ილიჩიჩი, ძაპატა (რეკა 85)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 0:1 გომესი (16), 0:2 პაშალიჩი (18), 1:2 კიეზა (33), 2:2 ბენასი (36), 2:3 დე რუნი (58), 3:3 მურიელი (80)

გაფრთხილება: ვიტორ უგო (27), ბირაგი (81), ლაურინი (90) - მანჩინი (34), ტოლოი (40), ჰატებური (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (3) – 10 (5) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

0.113541